„დონორების დახმარებები და საგრანტო პროგრამები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ფერმერებისთვის“ – ვახტანგ ბეჟიტაშვილი

„დონორების დახმარებები და საგრანტო პროგრამები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ფერმერებისთვის, ამ დაფინანსების შემცირება, შეაფერხებს სოფლის მეურნეობას“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, სექტორების ნაწილი უკვე საუბრობს დონორული და საგრანტო დაფინანსებების შემცირებაზე. მაგალითად, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ფერმერთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ უკვე შეჩერდა USAID-ის ორი მიმდინარე პროგრამაც.
როგორც ვახტანგ ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, საგრანტო დახმარებები ფერმერებისთვის სტიმულის მიმცემი იყო, შემცირება ან/და შეწყვეტა კი სექტორზე უარყოფითად აისახება.
„დონორების დახმარებები და საგრანტო პროგრამები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ფერმერებისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ექსპორტი ისე ვერ იქნება, თუ არ იქნება წარმოება, შესაბამისი შეფუთვა, შენახვის პირობები და ა.შ. რა გრანტებიც იყო დღემდე, ყველა ემსახურებოდა ახალ ჯიშებზე გადასვლას, გადამამუშავებელი დანადგარების შეძენას, სამაცივრე მეურნეობების განვითარებას და ა.შ. ეს მხარდაჭერა ძალიან დიდი სტიმული იყო ფერმერისთვის.
სოფლის მეურნეობა მაღალრისკიანი ბიზნესია და ფერმერებს უჭირთ მხოლოდ საკუთარი კაპიტალით რამის გაკეთება, ბანკებიდანაც მაღალ პროცენტში უწევთ სესხების აღება. გრანტების კომპონენტი ძალიან ბევრ დარგს წაადგა, მაგალითად, ნუშს, მოცვსა და ა.შ. ახლა კახეთიდან ატმის ექსპორტი ხორციელდება, ადგილზე რომ ჩახვიდეთ, ძალიან ბევრი მაცივარი დაგხვდებათ წარწერით „USAID-ის დახმარებით“, ასეთები არის შიდა ქართლსა და ქვეყნის მასშტაბით არაერთ ადგილას. ეს დაფინანსება და მხარდაჭერა რომ გამოგვაკლდება, დიდ დარტყმას მიიღებს სექტორი და შეაფერხებს სოფლის მეურნეობას. ახლა რა წარმატებული პროექტებიც გვაქვს, ამ ყველაფერში დიდი წვლილი აქვს გრანტებს“, – ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას.
„ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანა დაადგება იმ ისტორიულ, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზას, რასაც ჰქვია მსოფლიოს თანამედროვე ცივილურ ქვეყნებთან დაახლოება და ევროკავშირის დიდ ოჯახში ინტეგრაცია. თუ ამ გზის გარეშე დარჩება ჩვენი ქვეყანა, ძალიან ბევრ წელს დავკარგავთ. ყველას სურვილია არის ის, რომ ჰქონდეს ჯანსაღი პროდუქცია, ჯანსაღი სტანდარტები, სოციალური, ჯანდაცვის, თავდაცვის და სხვა სისტემები – ეს ყველაფერი არის ევროპაში! ეს არის ჩემი სათქმელი – უნდა ვიაროთ იმ გზით, რომ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი შვილების მომავალი იყოს უზრუნველყოფილი და დაცული“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.