საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის ცემას ეხმაურება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, უკვე ქვეყანაში ყოველ მხრივ სრული განუკითხაობა სუფევს.
„ქვეყანაში უკვე სუფევს სრულიად განუკითხაობა ყველა მხრივ. ხომ ხედავთ სასამართლოში რა ხდება და რანაირი სასამართლოა საქართველოში, რომელიც აღარ ექვემდებარება არც ერთ სტანდარტს გარდა იმისა, რომ ბოლომდე ასრულებს ძალაუფლების ყველა მითითებას.
ამას ემატება ის, რაც დღეს გავიგეთ, რა პირობებია შექმნილი ციხეში იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დღეს არიან მსხვერპლი ამ რეჟიმის. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელია, რომ არ იყოს დაცული ციხეში ის ელემენტარული ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტებად. ჩვენ აქ აღარ ვართ. ზღვარგადასულია ის, რაც ხდება. როგორ უსწორდებიან საკანში ადამიანს საკანში, რომელიც იქ იხდის სასჯელს და როგორ გადაჰყავთ კლინიკაში, როგორც უნდათ, როცა უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე რომ არანაირი ახნა-განმარტება და საჯაროობა არ არსებობს.
ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. არ ვიცი სად არის სახალხო დამცველი, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე, ალბათ, აღარც იმიტომ, რომ ეს ინსტიტუციაც უკვე აღარ ასრულებს ბოლომდე თავის მოვალეობას. დაუცველობა არის ის, რაც სუფევს ამ ქვეყანაში.
მინდა ყველას გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი ქმედებების და ამ უსამართლო მოქცევის გამო ციხეებში, დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება იმათი, ვინც არამხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ იმათიც, ვინც ასრულებს ამ ბრძანებებს და მზად არის რომ უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა.
ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართული ტრადიციები, ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვაშენებდით. ეს არის სხვა რეჟიმი, ეს არის უკვე სხვა ქვეყანა და ამას არ შევეგუებით. დრო არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, რაც ხდება, სხვაგან არ იყურებოდეს, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვეხება დღეს და ხვალ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
