ბერდია სიჭინავა ბაჩიაშვილზე ძალადობაზე – ეს არის პოლიტიკური და პერსონალური შურისძიების აქტი – ციხეში ნებისმიერ პატიმარზე სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი ხორციელდება, ამიტომ ეს პირდაპირ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა

ეს არის პოლიტიკური და პერსონალური შურისძიების აქტი ბაჩიაშვილთან მიმართებით – ციხეში ნებისმიერ პატიმარზე სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი ხორციელდება, ამიტომ ეს პირდაპირ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და საინტერესოა, რა პასუხები ექნება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ციხეში გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
სიჭინავას თქმით, აღნიშნული ფაქტი იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც ჯერ ბაჩიაშვილი დაატყვევა, შემდეგ კი ქვეყანაში გაურკვეველ ვითარებაში ჩამოიყვანა.
„სამწუხარო ფაქტია. ეს არის პოლიტიკური და პერსონალური შურისძიების აქტი ბაჩიაშვილთან მიმართებით. იცით, როდესაც ფულს ეხება [საქმე], როგორი დაუნდობელია „ოცნების“ მეპატრონე და „ოცნების“ რეჟიმი საკუთარ თანაგუნდელებს როგორ იმეტებს. შესაბამისად, ეს არის კონკრეტულად იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ჯერ ბაჩიაშვილი დაატყვევეს, შემდეგ ქვეყანაში გაურკვეველ ვითარებაში ჩამოიყვანეს. აქ უამრავი დანაშაული იკვეთება, მძევლად ხელში ჩაგდებიდან დაწყებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გაგრძელებული. ახლა კიდევ ციხეში ანგარიშსწორება, სადაც ნებისმიერ პატიმარზე სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი ხორციელდება. ეს პირდაპირ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და საინტერესოა, რა პასუხები ექნება სახელმწიფოს. თუმცა ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს სამართლიანობა არ არსებობს, სამართლიანი წესრიგი არ არსებობს. ქვეყანა იმართება ერთადერთი პრინციპით – როგორმე მოხდეს ივანიშვილის ძალაუფლებაში შენარჩუნება და მისი ფულის გადარჩენა. სხვა პრინციპი არ არსებობს, სხვა პრინციპი არ ამოძრავებს არც ერთ ადამიანს, არც ს, არც მის დაჯგუფებას და ა.შ.“,- განაცხადა სიჭინავამ.
ამასთან, სიჭინავა გამოეხმაურა, 20 ივნისთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი „თავიდან ბოლომდე ფარსია“.
„ეს თავიდან ბოლომდე ფარსია. საერთოდ პირველი შემთხვევაა, როდესაც საგამოძიებო უწყება, ფაქტობრივად, პოლიტიკურად განმარტავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია საგამოძიებო პროცედურულ ნაწილში დარღვევაზე და ამ მხრივ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობაზე, კი ბატონო, ამას მივესალმებით. თუმცა ფარსია, რომ 6 წლის თავზე ხელთათმანებით კეტავენ [რუსთაველს], თურმე რაღაც კვალს იღებენ რუსთაველის გამზირიდან და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზნით, მთელი რუსთაველი არის გადაკეტილი, ეს არის პოლიტიკური სანახაობა და პოლიტიკური შურისძიების წინასწარ დაანონსებული აქტი გიორგი გახარიას მისამართით. არასდროს გაქცევია გიორგი გახარია არც ერთ შეკითხვაზე პასუხს. შესაბამისად, 20 ივნისთან დაკავშირებითაც ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატური პასუხები გაცემული. ამიტომ, ამ ფარსს მოეშვან და რეალურად იმოქმედონ კანონის შესაბამისად. თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს, ამ კითხვის ნიშნებზე პასუხის გაცემის წინააღმდეგი არავინ არ არის. შესაბამისად, დაველოდებით კონკრეტულ პროცესებს“,- განაცხადა სიჭინავამ.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია სთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი: რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის

ბერდია სიჭინავა – კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება – „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა