როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია – პსჟს წაგების მიზეზები

პსჟსა და ლუის ენრიკეს ქება არასდროს მოგვბეზრდება და ეს ხშირად გაგვიკეთებია, მაგრამ ამის საჭიროება ყოველთვის არაა. არც წაგებაა ტრაგედია, მისი ობიექტური მიზეზებიც არსებობს, მაგრამ გვსურს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მარცხი გლობალურად განვიხილოთ. მხოლოდ გარეშე ფაქტორებზე დაბრალება გუნდს კარგს არაფერს მოუტანს და ეს თავადაც გააზრებული ექნებათ.
ძალების გადანაწილება
ჩემპიონთა ლიგის მოგება გუნდისთვის ფსიქოლოგიურ-ფიზიკური პიკია. არც ისე იშვიათია, ასეთ წარმატებულ სეზონს მომდევნოს მთლიანად ჩავარდნა რომ მოჰყვება და ამხელა საკლუბო ტურნირიდან მალევე ახალში ჩართვა, უკვე ცხადი იყო, დიდ დატვირთვებს საჭიროებდა.
ასეთ დროს მწვრთნელები როტაციას მიმართავენ და ძალებს ასე ანაწილებენ, პიკი ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრებს დაუთმოს. ლუის ენრიკე ასე არ მოქცეულა. ესპანელმა მწვრთნელმა მეორე ტურში უახლოესი რეზერვი გამოსცადა და წააგო. ამით ენრიკემ თითქოს მოიჭრა სხვა გზა და გადაწყვიტა, ძირითადი გვარდია ლიმონივით ბოლომდე გამოეწურა.
პარიზელების თამი თავდაპირველად ალბათ იყო განცდა, ადრე გავარდნით ბევრი არაფერი დაგვაკლდებაო, შემდეგ კი აზარტში შევიდნენ და კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს, რაც საბოლოოდ არ გამოვიდა.
რესურსი
თუკი პსჟს გამოსვლას მომავლის პრიზმაში განვიხილავთ, გუნდს საკადრო გაძლიერება აშკარად სჭირდება. კი, არსებობენ შეუცვლელი ფეხბურთელები, მაგრამ რეზერვი ყველგან საჭიროა, ზოგან კი აშკარა დეფიციტიცაა.
ფინალმა გამოაჩინა, რომ ცენტრალურ დაცვაში სათანადო კონკურენცია არაა. მაგალითად, ის უნარები, რაც პაჩოს გააჩნია, ბერალდოს არ აქვს. ეკვადორელი ფიზიკურად ძლიერი და უშიშარია, რამდენჯერმე ისიც ვნახეთ, ერთი პასით კონტრშეტევის წამოწყება, რაც პარიზელთა ერთ-ერთი იარაღია, კარგად შეუძლია. “ჩელსისთან” იყო ეპიზოდი, როცა მარკინიოსი ბერალდოს უხსნიდა, წნეხის დროს ბურთის წინ გაგზავნა თუ მოშორება როგორ აჯობებდა.
პარიზელთა ნახევარმცველებზე ბევრი კომპლიმენტის თქმა შეგვიძლია, მაგრამ იქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, აქ რეალური ალტერნატივები რომ არ არსებობს. ზაირე-ემერი მოლოდინებს რომ ამართლებდეს, ენრიკე მის ადგილს მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე მოძებნიდა.
და ფორვარდი? ესპანელი სპეციალისტი სამი მოძრავი შემტევით თამაშობს, რომლებიც პოზიციებს ცვლიან. სხვა გეგმის შემთხვებაში, სათადარიგოთა შორის ყოფნას რამოში თითქოს ამართლებდა, მაგრამ რაც უფრო ცოტა დრო ეძლევა, პორტუგალიელის ხარისხმა მოიკლო. გუნდიც რთულად ახერხებს, სუფთა თავდამსხმელზე გადაერთოს. ამავე მიზეზით ვერც ბარკოლას მომზადებას შევაქებთ. ამასობაში, ალტერნატივებია საჭირო.
გასაგებია, პარიზელებს შიდა ჩემპიონატში არ გაუჭირდებათ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე რომ მეტია საჭირო, ბოლო შეხვედრამაც დაგვარწმუნა.
ხვიჩა
ზუსტად გვესმის თანამედროვე ფეხბურთის გამოწვევები და ბალანსის მნიშვნელობა. სწორედ მისი არქონა იყო, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავურ გუნდს წარუმატებელი სეზონი რომ გამოუვიდა. ვნახეთ, როგორ არ იწუხებენ თავს ვინისიუსი და მბაპე, პრესინგზე ითამაშონ და “კვარას” მნიშვნელობა გვესმის, მაგრამ… “ნაპოლიდან” მოყოლებული ვწერთ, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებს დაცვით ფუნქციებში, შეტევასა და დამაგვირგვინებელ ფაზაში ხვიჩას ხარისხი იკარგება. მას თუ რამეზე სამუშაო აქვს, ეს ისედაც რეალიზებაა, რაც ამ ტაქტიკურ სქემაში უფრო საჭიროა, რადგან ცენტრფორვარდობაც უწევს. უკანასკნელ ორ შეხვედრაში საგრძნობლად დაღლილი კვარაცხელია ვნახეთ, რაც განვლილი გზის გათვალისწინებით ლოგიკურია. ლოგიკური იყო ისიც, ამ ფონზე მენდეშს დაცვაში თამაში რომ გაუჭირდა, რადგან გუნდური დაცვის მექანიზმი საგრძნობლად მოშლილი იყო.
რასაც ასევე წლებია ვწერთ, ისაა, კვარაცხელიას მოსწონს, როცა თამაში მასზე იგება და დიდი დოზითაა ჩართული. გასაგებია თანაგუნდელების დონე, ფლანგების შეცვლის ხრიკები, მაგრამ ბოლო შეხვედრებში და განსაკუთრებით, ფინალში, “კვარაზე” ნაკლები აქცენტი ვნახეთ. “ჩელსისთან” მეორე ტაიმის დასაწყისში ეს თითქოს გეგმაზომიერად შეიცვალა და მარცხენა ფრთხიდან თამაში გამწვავდა, მაგრამ ხვიჩა მოედნიდან მალევე გაიყვანეს.
გასაკვირი იყო ისიც, ქართველი მარცხენა ფლანგზე თითქოს ზედმეტად მიჯაჭვული იყო, “ათიანის”, ხანდახან კი “რვიანის” ფუნქციებს კი უსმან დემბელე ასრულებდა.
ახალი სეზონისთვის ხვიჩას კვლავ მოუწევს ახალი ელემენტების მოძიება. მასზე ყურადღება ყოველდღიურად იზრდება, მწვრთნელები და მცველები შესაჩერებლად ახალ გზებს იყენებენ და როცა ვარსკვლავკს სტატუსი გაქვს, მას შესაბამისად უნდა შეხვდე.
ზოგიერთ ეპიზოდში “კვარას” ემოციების მოჭარბებაც შევნიშნეთ როგორც მსაჯთან, ასევე თანაგუნდელებთან, რაც პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ამ დოზით არ შეგვიმჩნევია. დასვენება მას ძალიან სჭირდება და შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგება.
ლუის ენრიკე
ერთია, როცა გუნდს ყველაფერი კარგად მისდის და მეორე, პრობლემების დროს. ბოლო დროს ზოგან ენრიკეს “ხელი” დაგვაკლდა.”
მაგალითად, როცა ბოლო ტურნირზე დეზირე დუეს საუკეთესო პერიოდი არ ჰქონდა, მან თითქოს ეგოიზმს იმ მიზნით უმატა, პირადი სტატისტიკა გაეუმჯობესებინა. ეს ახლა იქნებ უბრალო დეტალია, მომავალში კი მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს და ეს მხოლოდ დეზირეს არ ეხება.
“ჩელსისთან” ასე დავინახეთ, გარკვეული დოზით თავდაჯერების მატება იყო და მწვრთნელის მხრიდან ფიქრი იმაზე, მისი არჩეული ტაქტიკით მიზნები მიიღწეოდა, ამ დროს კი მოწინააღმდეგე მწვრთნელს თითქოს მეტი რესურსი და ალტერნატივის გზები გააჩნდა. რაც კვარაცხელიას და სხვების ნაწილში დავწერეთ, აქაც გავიმეორებთ. ენრიკემ უმდა იფიქროს და ზუსტად იცოდეს, ქართველის საუკეთესო ვერსია როგორ მიიღოს. “ნაპოლიდან” ისიც ვიცით, ხვიჩას გაუმჯობესების გზა მის მეტ ნდობაზე გადის!
“ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ” – ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
[VIDEO] 0:3 “ჩელსისთან” – პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ჩელსისთან” მატჩში?
“ოქროს ბურთი” წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს” – ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
“ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს” – რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა – პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
“სულელი ვარ” – ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
“ჩვენს გუნდში საუკეთესოა” – ენრიკემ შეგირდი შეაქო
“დომინანტი გუნდი ვართ” – ლუის ენრიკე “ბარსას” ფანების მილოცვებს ვერ აუდის