„ხშირ შემთხვევაში ფერმერებს აქვთ მოსავლის გასაღების პრობლემა“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა ფერმერთა გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადად ფერმერები აგრარულ ბაზრებში ყიდიან ფერმერები პროდუქტს და ძალა, რომ ფასის ნაწილში ივაჭრონ, როგორც წესი, არ აქვთ.
„როგორც წესი, შიდა ბაზარზე სუპერმარკეტებს უფრო მეტი ძალა აქვთ ფასის ვაჭრობის საკითხში. სუპერმარკეტებში შესვლა და პროდუქტის განთავსება საკმაოდ დიდ ბარიერებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ფერმერები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებენ გასაღების პრობლემას“, – აღნიშნავს რესპონდენტი.
როგორც წესი, ფერმერები პროდუქციას ან ბაზარში ყიდიან, ან ადგილზე მისული გადამყიდველების საშუალებით ახორციელებენ რეალიზაციას. თუმცა ე.წ კარზე მისულ გადამყიდველებთან პროდუქციის ჩაბარება იაფი ჯდება და ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებასაც ძლივს ფარავს.
ამ ნაწილში საუბრისას რატი კოჭლამაზაშვილი აღნიშნავს, რომ გამოსავალია მეურნეობების გამსხვილება და ფერმერების გაერთიანება.
„გამოსავალი იქნება ფერმების გამსხვილება, გაერთიანება და კონსოლიდაცია, მოსავალი რომ იქნება მეტი, ფერმერებს ვაჭრობაში მეტი ძალა ექნებათ. დღეს ფერმერები იმდენად დანაწევრებულები არიან, რომ სუპერმარკეტი რომ მიდის მათთან, თუ მის პირობებს არ იღებენ ფერმერები, მიდიან სხვასთან, ვინც მათ პირობებს იღებს“, – აღნიშნავს კოჭლამაზაშვილი.
მისივე თქმით, სუპერმარკეტებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ფერმერებმა საკუთარი პროდუქციის მარკეტებში შეტანა მეტად შეძლონ.
„მნიშვნელოვანია ამ კუთხით სუპერმარკეტებთან, შუამავლებთან, შემნახველ მეურნეობებსა და ექსპორტიორებთან მუშაობა, რომ უფრო სამართლიანი იყოს გადანაწილება ფასწარმოქმნის ნაწილში. ამ საკითხზე ჩვენ ამ კვირაშიც გვაქვს შეხვედრა სუპერმარკეტებთან, რათა გამოინახოს გზა, რომ მეტ ფერმერს შეეძლოს, სუპერმარკეტში პროდუქციის შეტანა“, – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
