ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მხრიდან 30%-იანი ტარიფების დაწესების გეგმაზე – უმნიშვნელოვანესია, თავიდან ავიცილოთ აშშ-სთან ურთიერთობების ესკალაცია

ისტორიის მანძილზე ტარიფები არასდროს არავის დახმარებია რეალური ეკონომიკური პრობლემების ეფექტურ გადაჭრაში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს სამართლიან ვაჭრობას, რომელიც ხელმძღვანელობდა საერთაშორისოდ შეთანხმებული წესებითა და რეგულაციებით.
„ამჟამინდელ ვითარებაში, უმნიშვნელოვანესია, თავიდან ავიცილოთ -სთან ურთიერთობების ესკალაცია. ჩვენ წინაშე დგას მნიშვნელოვანი საერთო გამოწვევები – როგორც გეოეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური – რომლებიც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას და კონსტრუქციულ მიდგომას. ამიტომ, ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს ევროკომისიას მცდელობებში, გამონახოს დაბალანსებული და კონსტრუქციული გადაწყვეტა დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზედაც ევროკავშირი-აშშ-ის ურთიერთობებს განიხილავენ. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს.