მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

რატომ აგვიკრძალეს ფოტო-ვიდეო გადაღება? რატომ არ უნდათ, რომ საზოგადოებამ სიმართლე დაინახოს? ამაზეა ბოიკოტი საჭირო, – ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა და საზოგადოებას აღნიშნულზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სხდომის დაწყებისას განმარტა, რომ თუკი, სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ნახავდა სასამართლო პროცესიდან გადაღებულ ფოტოს, ის სხდომას დახურავდა. მჭედლიშვილის თქმით, მან არაერთხელ განმარტა, რომ ახალი კანონი ძალაშია შესული, რომლის მიხედვითაც, სასამართლო პროცესზე ფოტო/ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა აკრძალულია.
„ვთქვი, რომ თუ ვნახავდი ფოტოს სოციალურ ქსელში, მივიღებდი ზომებს, ამის მიუხედავად, თქვენ მაინც გადაიღეთ ფოტო, რომელიც გავრცელებულია სოციალურ ქსელში. მე არ მინდა ახლა მივიღო ზომები, რადგან ეს ეხებოდა [დაკავებულ] ვასილ კაძილაშვილის შვილს [ბრალდებულებმა გასულ სხდომაზე ფურცელზე დაწერილი ტექსტით დაბადების დღე მიულოცეს]. დღევანდელი სხდომის შემდეგ, თუ კიდევ გამოქვეყნდება რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო. ვიმედოვნებ, რომ ეს არ გახდება საჭირო და ღია სხდომაზე გავაგრძელებ ამ საქმის განხილვას“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.
მას ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განცხადებით მიმართა და სთხოვა, შემზღუდავი ზომები ინდივიდუალურად გამოეყენებინა.
აღნიშნულის შემდეგ, სასამართლოში გამომძიებელ გენადი იოსებაშვილს მოუსმინეს. როგორც მოწმემ აღნიშნა, მან ინსაფ ალიევის დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი ვიდეო დაათვალიერა, შემდეგ კი, მასზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა დანიშნა, ასევე დაზარალებული პოლიციელები გამოჰკითხა.
„[ვიდეოზე] რუსთველის გამზირი იყო ასახული, მათ შორის, ინსაფ ალიევი, რომელიც რაღაც საგნებს ისროდა, მათ შორის ქვასაც, პოლიციელების მიმართულებით. ეს ვიდეო ჩემს მიერ ჩამოტვირთული იქნა და საექსპერტო კრიმინალისტურ დეპარტამენტში ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის მიზნით იქნა გადაგზავნილი“, – განაცხადა გამომძიებელმა.
ამ წუთებში სასამართლოში კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი აძლევს ჩვენებას, რომელიც საქმეში დაზარალებულის სტატუსითაა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.