“პაციენტების ქვეყნიდან გადინებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს” – რატომ მიდიან უცხოეთში სამკურნალოდ?

საქართველოდან სამკურნალოდ ყველაზე ხშირად ონკოპაციენტები მიდიან, ტენდენცია ამ კუთხით მზარდია, რომელსაც თავისი მიზეზები აქვს. სექტორში მომუშავე სუბიექტები გვიხსნიან, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნდობის დაბალი ხარისხია, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას არ ენდობა, ამიტომ ქვეყანას ტოვებს.
ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ამ კუთხით სისტემური პრობლემებია, რომლის გამოსასწორებლად ნაბიჯები არ იდგმევა. კალოიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო ერთი მხრივ მოქალაქეებს საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების პროგრამებს სთავაზობს, მეორე მხრივ კი, ადგილობრივად სამედიცინო სერვისების ხარისხის ზრდაზე არ ზრუნავს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანას მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტის რისკის ქვეშ აყენებს.
“პაციენტების ქვეყნიდან გადინებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ერთია სისტემის მიმართ უნდობლობა, რადგან ქართული ჯანდაცვის სისტემა რეალურად დახურულია, ჩვენ არ ვიცით, რა ხდება სისტემაში და შესაბამისად, რეაქციაც გასაგებია, რომ ამ დროს ირჩევ უფრო გარკვეულ და სანდო გარემოში წასვლას.
მეორე მიზეზი კვლევების და მედიკამენტის ხარისხი, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რატომაც განსაკუთრებით ონკოლოგიური პაციენტები მიდიან. ამას სჭირდება, პირველ რიგში, სისტემის გახსნა და მიღებული შედეგების მიხედვით ინტერვენცია.
ბავშვთა ონკოლოგია საინტერესო მაგალითია. ერთი მხრივ კარგია, რომ კონკრეტული ბავშვები იღებენ შესაბამის დახმარებას, მაგრამ ამას არ მოჰყვება ექიმების გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, აქ სისტემების შექმნა. მაგალითად, ბავშვთა ნეიროქირურგიაში რეალურად შეიძლება ბოლოს ისე მოხდეს, რომ რაღაც დროის შემდეგ, აქ აღარ გვყავდეს სპეციალისტი, რომელსაც ექნება ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის ბავშვთა ონკოლოგიური პაციენტების მოვლისთვის.
შესაბამისად, ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში აუცილებელიც არის ძალიან ხშირად, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, იმ ქვეყნებთან, სადაც კარგი ჯანდაცვის სისტემაა ციფრებში გამოხატული, გვქონდეს აქტიური ურთიერთობა, ოღონდ ეს უნდა გამოვიყენოთ სისტემის გასაძლიერებლად, რათა ფინანსური რესურსი არ გავიდეს ქვეყნიდან და მეორე მხრივ, ისედაც პრობლემების მქონე მოქალაქეებს არ მოუწიოთ ძალიან რთული და დიდი გზის გავლა, ეს არც თუ ისე მარტივია, ხომ? ჩვენ მოქალაქეებს მასობრივად უწევდათ ჩაბარება, მაგალითად, ლტოლვილად, იმისთვის, რომ ონკოლოგიური დახმარება მიეღოთ, მერე ხელისუფლებამ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, რომ მას შეუძლია ყველა ონკოლოგიური პაციენტის აქ მოვლა. შესაბამისად, ჩამოვიდნენ ეს პაციენტები აქ, თუმცა მათი დიდი ნაწილი საკმაოდ ხნის განმავლობაში დარჩა მედიკამენტების გარეშე”, – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ კალოიანი.
ცნობისთვის, ს ინფორმაციით, სამედიცინო სერვისების იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ 2024 წელს საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში მკურნალობაზე 33 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს, მაშინ როცა უცხოელების ხარჯი საქართველოში 2 მილიონ დოლარამდე იყო. რაოდენობრივ მონაცემებს რაც შეეხება, საზღვარგარეთ სამკურნალო/გამაჯანსაღებელი მიზნით 50 000 მოქალაქე გაემგზავრა.