„თუ ჩვენ გვინდა განათლების მაღალი ხარისხი, უნივერსიტეტი სტუდენტზე დამოკიდებული დაფინანსება კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ საბაზისო დაფინანსება“

„თუ ჩვენ გვინდა განათლების მაღალი ხარისხი, უნივერსიტეტი სტუდენტზე დამოკიდებული დაფინანსება კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ საბაზისო დაფინანსება“
პრემიერი ირაკლი განათლების სფეროში ცვლილელებს აანონსებს და ამბობს, რომ თვის ბოლომდე საზოგადოებას წარუდგენენ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას. მისივე თქმით, მთავრობას სწორი კონცეფციით შეუძლია, 3 წელიწადში შექმნას ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად. განათლების ექსპერტს მანანა ნიკოლაიშვილს რეალურად მიაჩნია პრემიერის გეგმა, თუ არ იქნება ზედაპირული.
„თუ იქნება ღრმა რეფორმები, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. ამის გარეშე შეუძლებელია შედეგი დაიდოს”, – განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა „რეზონანსთან”.
„ჩვენ, ხვალ, ვიკრიბებით კომისიის ფორმატში და ვფიქრობთ, თვის ბოლომდე ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურად გადალაგებას. დღეს, უამრავი პრობლემაა საუნივერსიტეტო სისტემაში, მათ შორისაა მაგალითად პროფესურა, არასაკმარისი შრომის ანაზღაურება, რაც შემდეგ, ხშირად, მათი ნაწილის კვალიფიკაციაზეც უარყოფითად აისახება. ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისად განვითარებული, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. ყველაფერი პრობლემურია ინფრასტრუქტურის ნაწილში. საგანმანათლებლო პროგრამები არ არის დახვეწილი, ძალიან ბევრი მიმართულებით.
სახელმძღვანელოები არ გვაქვს ბევრი მიმართულებით ძირითად საგნებშიც კი და ა.შ. უამრავი პრობლემაა, რასაც მოგვარება სჭირდება. ჩვენ უკვე, პრაქტიკულად, დამუშავებული გვაქვს გეგმა, რომელიც ყველა ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. ჩვენ შეგვიძლია, 3-წლიან პერსპექტივაში, მხოლოდ გადალაგების, სწორი დალაგების გზით, რადიკალურად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. დღეს, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიდის სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათ შორის, ბაკალავრიატის დონეზე. 3 წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც, ჩვენს ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად. ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს, მთავარია სწორი მიდგომა, სწორი კონცეფცია და ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თვის ბოლოსთვის უკვე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას,” – განაცხადა პრემიერმა.
მანანა ნიკოლაიშვილის აზრით, თუ რეალურად გატარდება ღრმა რეფორმები და არა ზედაპირული, მაშინ პრემიერის გეგმა შესრულდება. მისივე თქმით, განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა.
„მოდი ვთქვათ, ყველაფერი განხორციელებადია. ჩვენი ქვეყანას ისეთი განათლების სისტემა ჰქონდაა, მართალია ათეული წლის წინ, მაგრამ აბსოლუტურად კონკურენტუნარიან სპეციალისტს უშვებდა, როგორც საშუალო სკოლა, ასევე უმაღლესი. არაფრით გვჯობდა მაგალითად უცხოეთის ექიმი საქართველოში გამოშვებულ კურსდამთავრებულს, ან თუნდაც აქაური ინჟინრები იქაურებს და ეს საქმეშიც მტკიცდებოდა. მერე საერთოდ დაანგირეს და გააჩანაგეს ეს სისტემა და სხვათაშორის, უცხოელი ექსპერტების რჩევებით. თუ ჩვენი სახელმწიფო ამჟამად სუვერენიტეტისთვის იბრძვის, პირველ რიგში ეს მოსაპოვებელი განათლების სისტემაში გვაქვს. თუ იქნება ძალიან ღრმა რეფორმები, რასაც პრემიერი ამბობს, მაშინ შესაძლებელი იქნება. ამის გარეშე შედეგი ვერ დაიდება. ღრმა რეფორმებში იგულისხმება ის, რომ პედაგოგიური პროფილის უნივერსიტეტები ჩვენ არ გვაქვს. ათეული წლების წინ გვქონდა – სულხან-საბას ინსტიტუტი, უცხო ენათა ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ცხინვალშიც იყო, რომელიც ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად გორის უნივერსიტეტს შეუერთდა და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში რაც დარჩა, ყველაფერი ერთმანეთშია აღრეული. ამიტომ თუ გატარდება ღრმა რეფორმები და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაშინ რატომაც ვერ მივიღებთ შედეგს? ვისზე ნაკლებები ვართ?
უპირველეს ყოვლისა ღრმა რეფორმებში მე ვგულისხმობ დაფინანსების საკითხს – აუცილებელია საბაზისო დაფინანსება. ანუ ყველა ფული სტუდენტმა არ უნდა მოიტანოს, ეს მთლიანად განათლების ხარისხს ანგრევს. თუ ჩვენ გვინდა განათლების მაღალი ხარისხი, უნივერსიტეტი სტუდენტზე დამოკიდებული დაფინანსება კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ საბაზისო დაფინანსება.
თუმცა მარტო ამით არ განისაზღვრება ეს რეფორმები. მე ბევრად უფრო შორს წავალ – უმაღლესი განათლების კანონი მთლიანად შესაცვლელია. ჯერ ერთი ძალიან ბევრი ცვლილებები შევიდა და კანონი ნორმალურად არ იკითხება. 50-60% შესაცვლელია. ამიტომ მაგას ჯობია ახალი კანონი დაიწეროს, რომლისთვისაც კონსეფციაა საჭირო და რომელიც ახლა გამოქვეყნდება. ალბათ შემდეგი ნაბიჯი კანონის შეცვლა იქნება. ასე რომ, მე ვურჩევ მათ, კანონში ცვლილებები კი არ შეიტანონ, არამედ მთლიანად შეცვალონ. ასევე ბევრი საკითხია მოსაწესრიგებელი თვითონ უნივერსიტეტის შიდა სამზარეულოში.
ჩემი აზრით, მთავრობამ რაღაც დოზით თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფო უნივესრიტეტების დაფინანსება. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, საქართველოს ამდენი არ სჭირდება – ან უნდა დაიხუროს, ან გაერთიანდეს, არ შეიძლება ამდენი ჰუმანიტარული ფაკულტეტი. როცა ვსაუბრობ განათლების კანონის შეცვლაზე, ის ტავისთავად მოიცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირებას – ასეთი ფორმით არ უნდა დარჩეს და ასევე, სკოლებში გამოცდები უნდა დაინიშნოს. მგონი დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ბავშვი 12 წელი სწავლობს და ბოლოს, არაფერი იცის. მოკლედ, ბევრი ცვლილებაა შესატანი”, – განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა „რეზონანსთან”.
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ