“არდი” განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა – რას ნიშნავს ეს სადაზღვევო კომპანიისთვის?

“არდი”, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 15 წელია ოპერირებს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და 2025 წელი კომპანიისთვის ციფრული ტრანსფორმაციისა და ბრენდის განახლების წლად გამოაცხადა. როგორც “არდის” გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე BMG-ის ეთერში აღნიშნავს, ბრენდის სწრაფ განვითარებას ხელი შეუწყო გასული წლის გარიგებამ, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მსხვილი ქართული საინვესტიციო კომპანია Georgia Capital PLC “არდის” ინსტიტუციური ინვესტორი გახდა.
“ზუსტად ერთი წლის წინ, როცა საინვესტიციო გარიგება შედგა, ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ, როცა ახალი ინვესტორი მოდის, კომპანიის განვითარების მხარდაჭერა შეიძლება უფრო ჩქარი ტემპით მოხდეს. ესეც მოხდა. ერთი წელი ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, რა იყო ჩვენი მთავარი უპირატესობა, რითაც გვიცნობდა საზოგადოება; თან ბრენდს 15 წელი შეუსრულდა, რაც ქართული კომპანიისთვის ცოტა არ არის; აჩვენებს, რომ მან რაღაც ისტორია გამოიარა, ჰქონდა თავისი შეცდომები და წარმატებები, რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ.