“ბათუმის კაზინოების უცხოელი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ირანელები იყვნენ” – რა გავლენა იქონია ისრაელ-ირანის კონფლიქტმა ამ ბიზნესზე?

ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას საქართველოში მოქმედი მიწის კაზინოების საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, – ამის შესახებ აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა BMG-სთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქსტატმა დან ტურისტების რაოდენობის ზრდა დააფიქსირა, რეისების არარსებობის ფონზე, გაუგებარია, როგორ შემოდიან ისინი საქართველოში.
„მართალია, საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომ ტურისტების რაოდენობა ისრაელიდან გაიზარდა, მაგრამ რეისები არ იყო და როგორ ჩამოდის ეს ხალხი, მე არ ვიცი. შესაბამისად, ეს მიწის კაზინოებზე საკმაოდ სერიოზულ გავლენას იქონიებს,“ – აღნიშნა მამულაიშვილმა.
მისი თქმით, გავლენა იყო ირანის მხრიდანაც. კონკრეტულად ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სეგმენტი ირანის მოქალაქეები იყვნენ.
„ბათუმში, მაგალითად, [კაზინოების] უცხოელი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ირანის მოქალაქეები იყვნენ“, – დასძინა გიორგი მამულაიშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანში კაზინოების საქმიანობა ლეგალური გახდა. მილი მეჯლისმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მესამე, დასკვნითი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, კაზინოები მხოლოდ კასპიის ზღვაში, ხელოვნურ კუნძულებზე განთავსდება.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ხელისუფლება გადაწყვეტილებას ტურიზმის განვითარებით, ბიუჯეტის ზრდითა და სამუშაო ადგილების შექმნით ხსნის. მათი თქმით, ამ დრომდე აზერბაიჯანელები სათამაშოდ ან საზღვარგარეთ მიდიოდნენ, ან ჩრდილოვან ონლაინ-პლატფორმებს იყენებდნენ. ახალი კანონით კი სწორედ უკანონო გემბლინგის შემცირება იგეგმება.