“საბამ პირველად რომ დამირეკა იქიდან [ციხიდან] მითხრა – ბებო, შენმა “ოცნებამ” დამიჭირაო. მე ბოდიში მოვუხადე და დღესაც ვუხდი ჩემს საბას ბოდიშს, რომ ვერაფერი ვქენი ჩემი საბასთვის”

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩამოსულებს ჩემი საბას მხარდაჭერისთვის. ზუგდიდელებს მადლობა ვუთხრა. ჩემი შვილი უდანაშაულოა, კარგი აღზრდილია ჩემი საბა. საუკეთესო საბა მყავდა. სამი წლიდან გავზარდე საუკეთესო ბავშვი. იმის ადგილი ნამდვილად არ არის იქ – იქ არის აი, ბანდიტების ადგილი. ჩემი საბასნაირები არ უნდა იჯდეს იქ და ყველა სინდისის პატიმრები“, – განუცხადა დღეს საბა ჯიქიას ბებიამ, მარინე ლაგვილავამ, გამოცემა „ბათუმელებს“
„მე სამი წელი ვმუშაობდი „ოცნების“ კოორდინატორად. საბამ პირველად რომ დამირეკა იქიდან [ციხიდან] მითხრა – ბებო, შენმა “ოცნებამ” დამიჭირაო. მე ბოდიში მოვუხადე და დღესაც ვუხდი ჩემს საბას ბოდიშს, რომ ვერაფერი ვქენი ჩემი საბასთვის. აწი, “ოცნებისკენ” არც გავიხედავ არასდროს.
თავისუფლება ჩემ საბუკას და სინდისის პატიმრებს. მე ისე მენატრება. მე საუკეთესოდ გავზარდე, მაგრამ როგორი ყოფილა მისი ბედი. ძალიან მიყვარხარ საბა, მიყვარხარ ბებია. თავისუფლებას გისურვებ შენ და შენს კარგ მეგობრებს“, – აცხადებს პოლიტპატიმრის ბებია.
დღეს, 12 ივლისს, ზუგდიდში, ყველაზე პატარა პოლიტიკური პატიმრის, საბა ჯიქიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
⭕10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საბა ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. პროკურატურის პოზიციით, მან გდდ-ის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში.
საქმეში „დაზარალებული“ გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილია, რომელიც თავადაც ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.
ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.