საქართველოში ტურისტული სეზონი პიკურ ეტაპზეა და სექტორში ტურისტების მრავალფეროვანი ნაკადები იგრძნობა. თუმცა, როგორც ქეთი ამირბარი, კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი აცხადებს, სექტორი ჯერ მზად არ არის, ერთდროულად და სწორად მოემსახუროს ორივე – ევროპულ და აზიურ სეგმენტს.
„სამწუხაროდ, ჯერ მზაობა ამ დონის არ გვაქვს, რომ ორივე სეგმენტი ევროპელიც და აზიელიც ერთდროულად დავაკმაყოფილოთ. ეს, ალბათ, გამოწვევაც არის და მიზანიც, რომ აქამდე მივიდეთ,“ – განაცხადა ქეთი ამირბარმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“.
მისი თქმით, აზიური და ევროპული ბაზრები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, რაც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.
„აზიური სეგმენტი უფრო მხარჯველუნარიანია და მოითხოვს ინდივიდუალურად მორგებულ გამოცდილებას, მათ შორის სამზარეულოს, პერსონალიზებული სერვისების სახით. ისინი ელიან მაღალ ხარისხს და განსაკუთრებულ ყურადღებას, რაც ხშირად სერვისის სტანდარტულ მოდელს სცდება,“ – ამბობს ამირბარი.
მეორეს მხრივ, ევროპელი ტურისტი განსხვავებულ საჭიროებებს აყენებს წინა პლანზე.
„ევროპელი სტუმარი ეძებს თავგადასავალს, ავთენტურობას, კულტურას და შესაბამის ინფრასტრუქტურას. ხშირად ეს ადამიანები არიან სოლო მოგზაურები, ციფრულად მომუშავე პირები, ტექნოლოგიური ინდუსტრიების წარმომადგენლები, რომლებიც ეძებენ ადგილობრივ გამოცდილებას და არა ზედაპირულ მომსახურებას,“ – ამბობს ის.
ამირბარის შეფასებით, ამ ეტაპზე ბაზარზე ჩანს გადაჭარბებული აქცენტი აზიურ სეგმენტზე, რაც ბუნებრივად იწვევს ევროპელი ვიზიტორების უყურადღებოდ დარჩენის რისკს.
„ახლა თითქოს მეტი რესურსი აზიური ბაზრისთვის გვაქვს მორგებული, რომ ბაზარი არ დავკარგოთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს მომსახურების დონეს დაბლა წევს და ეს ყველასთვის ხილვადია. გვერღვევა ბალანსი, შედეგად კი ერთ სეგმენტზე ვაკეთებთ აქცენტს, რაც მეორეს მოშორების რისკს ქმნის,“ – აღნიშნა ქეთი ამირბარმა.
მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის გზა დივერსიფიცირებული მიდგომაში, პერსონალის გადამზადებასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებში უნდა მოიძებნოს.
