პრობლემაა, რომ თბილისში მშენებლობის ნებართვებთან ძალიან ზოგადი გეოლოგიური მიმოხილვებია დაკავშირებული – გიორგი გოცირიძე

GeoGraphic-ის მმართველი პარტნიორი გიორგი გოცირიძე სერიოზულ პრობლემად აფასებს იმ ფაქტს, რომ თბილისში თითოეული მშენებლობის ნებართვასთან ან განაშენიანების გეგმასთან ძალიან ზოგადი გეოლოგიური მიმოხილვაა დაკავშირებული.
მან გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენი შესახებ “უძრავი ქონების პროსპექტის” ეთერში ისაუბრა. გიორგი გოცირიძე ფიქრობს, რომ სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაში მყოფი 1.2 მლნ-იანი ქალაქის მდგომარეობის შესასწავლად ბიულეტენი არასაკმარის ინფორმაციას იძლევა.
„ბიულეტენი საკმაოდ საინტერესო დოკუმენტია, რომელიც აღწერს და ანალიზს აკეთებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისია. 1,2 მლნ-იანი ქალაქისთვის, რომელიც სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაშია, გეომორფოლოგიური თვალსაზრისით ერთგვაროვანია და ეკონომიკური მიზიდულობის ძალიან დიდი ცენტრია, აუცილებელია, რომ არსებობდეს კორელაცია ღვარცოფებისა, მეწყერებისა და მიწისძვრების საფრთხეებზე, ამ კორელაციის მიხედვით არ დგება მშენებლობის პოლიტიკა.
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ თითოეული მშენებლობის ნებართვასთან ან განაშენიანების გეგმასთან ძალიან ზოგადი გეოლოგიური მიმოხილვაა დაკავშირებული. მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, არის მხოლოდ ერთი კონკრეტული წითელ ხაზებში გეოლოგიური გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ანალიზი. არადა მაშინ, როდესაც ხდება ტერიტორიების განაშენიანება, შეიძლება ამან სხვა მიმდინარე ტერიტორიებს პროვოცირება გაუკეთოს.
მთავარი პრობლემა ამ ყველაფრის სისტემაში მოყვანაა. თბილისის მიმდებარე ქვეყნების ბიზნესებისთვის მეტროპოლია და ის ფულის კარგი დაბადების ადგილად მოიაზრება, ამიტომ ვიწრო-ვიწრო, ფრაგმენტულად მიგნებები არ არის საკმარისი.
ზოგ შემთხვევაში მგონია, რომ ეს [თბილისი] უბრალოდ უძრავი ქონების საწყობია და ჩვენ მძიმე შედეგს მივიღებთ, რადგან არ არის დანერგილი სისტემა და არ არის აწყობილი ქალაქმშენებლობის და რისკების მართვის, საფრთხეების კვლევის და მუდმივი განახლების პოლიტიკა. პოლიტიკის დონეზეც არ ვართ და მეორე, თავად ქალაქის განაშენიანების კონცეფცია არ გვაქვს, რაც ქალაქის გენგეგმაშია, პრაქტიკულად არ სრულდება.
ზოგი ფერდის დასტაბილურება შეიძლება, ზოგის წარმოუდგენელია. სტაბილიზაციაში დახარჯული ფული იმიტომ, რომ იქ სამი ნაკვეთისთვის შევიდეს დეველოპერი, ეს არის ხარჯთსარგებლიანი თუ არა? ეს ფინანსური ეკონომიკური ბალანსის დამდგენი ინსტრუმენტებიც არ არსებობს ამ საფრთხეების და რისკების მიმართ.
ამას გამჭოლად ზემოდან ედება ის, რომ სეისმურ საფრთხეებთან კორელაცია არ არსებობს. არასეისმური მდგენელის პირობებში სულ სხვა რისკების ზონას ვიღებთ და როდესაც სეისმურ მდგენელს მივუმატებთ, რადიკალურად განსხვავებულს“, – განაცხადა გოცირიძემ.
დედაქალაქში სტიქიის მაღალი რისკის 32 ზონა ნარჩუნდება – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენში, სადაც 2025 წლის პროგნოზებზეა საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ზონების ნაწილი უკვე შესულია აქტიური მონიტორინგის რეჟიმში, თუმცა განახლება და ინჟინრული ჩარევა პრიორიტეტულ ყურადღებას კვლავ საჭიროებს. გარდა ამისა, გეოლოგიური ბიულეტენის რეკომენდაციით, გეგმური მშენებლობის დაწყებამდე მაღალი რისკის ზონებში აუცილებელია ინჟინერ-გეოლოგიური კვლევა და ნიადაგის შემდგომი გაძლიერება, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებით.