შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – შვედეთის საგარეო უწყებაში პარასკევს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა

პარასკევს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი ავრცელებს.
„პარასკევს, 11 ივლისს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
მარია მალმერ სტენერგარდი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„გუშინ, რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან ერთად განცხადება გავავრცელე. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავება, ასევე, თვითნებური დაკავებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდი რეპრესიები, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას უწყობს ხელს და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს“, – აღნიშნავს სტენერგარდი.
შეგახსენებთ, გუშინ ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ს, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით. მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.