ელისაბედ II-ის საქორწინო ტორტის ნაჭერი 3670 დოლარად გაიყიდა — აუქციონის გამარჯვებული მის ჭამას აპირებს!

სამეფო ისტორიის ერთი პატარა ნაჭერი კოლექციონერის კუჭში შეიძლება აღმოჩნდეს, ოღონდ პირდაპირი გაგებით — 1947 წელს გამართული დედოფალ ელისაბედ II-ისა და პრინც ფილიპის ქორწილის ტორტის ნაჭერი აუქციონზე 2700 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 3670 დოლარად) გაიყიდა. მყიდველმა კი განაცხადა, რომ მის შეჭმას აპირებს…
ტორტი დაახლოებით 274 სანტიმეტრი და 227 კილო გახლდათ. სახელიც შეარქვეს და 10 000-mile cake უწოდეს, რადგან ინგრედიენტები მთელი თანამეგობრობის ქვეყნებიდან მიიღეს მის დასამზადებლად, იქნება ეს კანადური ფქვილი, ახალი ზელანდიის კარაქი, იამაიკური რომი თუ სხვა. ეს კი ომის შემდგომ პერიოდში ბრიტანეთის დამოკიდებულებას ასახავდა გლობალურ მხარდაჭერაზე…
აუქციონზე გატანილი ნაჭერი კი 2000-დან ერთ-ერთი იყო, რომელიც ქორწილის შემდეგ კეთილისმსურველებსა და მაღალი თანამდებობის პირებს დაურიგეს. კონკრეტული კი ათწლეულების განმავლობაში უჯრაში ინახებოდა მანამ, სანამ Reeman Dansie-ის აუქციონის სახლში არ აღმოჩნდა. სადღაც 10 სანტიმეტრია და თავდაპირველ ყუთშია მოთავსებული.
აუქციონის გამარჯვებული კი სამეფო ოჯახის მოყვარული 64 წლის გერი ლეიტონია, რომელმაც ევროპიდან და აზიიდან ჩამოსულ კოლექციონერებს აჯობა. ახლა 65 წლის იუბილესთვის ემზადება, სადაც ამ ნამცხვრის ნაწილს რომით გაჟღინთავს და, სავარაუდოდ, შეჭამს კიდეც. მართალია, კოლექციონერების უმეტესობა ტორტის ნაჭრის მინაში გამოდებას და ჩვენებას გადაწყვეტდა, მაგრამ ლეიტონი ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არ არის. ფიქრობს, რომ ისტორია მტვრით არ უნდა დაიფაროს…
აღსანიშნავია, რომ ლეიტონი ასევე ფლობს პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დიანას 1981 წლის ქორწილის ტორტის ნაჭერს…
marketer.ge