ვიზიტორების სეგმენტის ცვლილება ბალნეოლოგიურ ტურიზმზე ნეგატიურად აისახა

საქართველოში ვიზიტორების სეგმენტის ცვლილება ბალნეოლოგიურ ტურიზმზე ნეგატიურად აისახა.
Legends Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელი და დირექტორი „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ 2025 წელი რთულად დაიწყო. იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ამ დროისათვის საქართველოს ვიზიტორთა შორის ჭარბობენ, რეგიონალური და გამაჯანსაღებელი ტურიზმი ნაკლებად აინტერესებთ. ამასთან, ისინი არც ინფორმირებულები არიან საქართველოს კურორტების ამ შესაძლებლობებზე, რადგანაც შესაბამისი მარკეტინგული აქტივობები არ ხორციელდება.
„საქართველოს ტურიზმის სეგმენტია შეცვლილი. იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც დღეს ჩამოდიან (გალფის ქვეყნები, ინდოეთი, ნაწილობრივ ჩინეთი) რეგიონალური, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტებით არ ან ნაკლებად ინტერესდებიან. შესაბამისი მარკეტინგული კამპანიაც არ მიმდინარეობს ამ ბაზრებზე ბალნეოლოგიური ტურიზმის მიმართულებით და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ჯამში იზრდება კიდეც სტატისტიკურად, თუმცა, ეს ჩვენ სექტორზე დადებითად არ აისახება“, – ამბობს ანდრო ჯიშკარიანი და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, თავად ცდილობენ კურორტის პოპულარიზაციას.
მისი თქმით, წყალტუბოს დატვირთვაზე ნეგატიურად აისახება აზერბაიჯანის მიერ 2020 წლიდან დახურული სახმელეთო საზღვარი და ისრაელში მიმდინარე მოვლენები, რამაც ამ ქვეყნებიდან ვიზიტორები შეამცირა. ტრადიციული ვიზიტორების კლებამ კომპანიას შეთავაზებების გაფართოებისკენ უბიძგებს.
“წლის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იყო. თუმცა, სასტუმროს მაინც ვავითარებთ. დაახლოებით ორი კვირის ფარგლებში სასტუმროში იხსნება ახალი აკვაპარკი. ვცდილობთ გავაფართოოთ ჩვენი სეგმენტი და არ მოვერგოთ მხოლოდ სამკურნალო ტურიზმს, რადგან ამ ეტაპისთვის მოთხოვნა ამ მიმართულებაზე შემცირებულია. 135 ოთახი გვაქვს და საკმაოდ რთულია მათი დატვირთვა გრძელ სეზონზეც კი, საშუალო წლიურ დატვირთვაზე რომ არ ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე გვაქვს შეთავაზება საოჯახო ტურიზმისთვის. სასტუმრო კომპლექსშია 40 საოჯახო ნომერი, აუზი, 16 ჰექტარი პარკი. ახლა, როგორც აღვნიშნე, ვხსნით აკვაპარკს, სადაც განთავსდა 4 დიდი სასრიალო, იხსნება განახლებული სამედიცინო სპა ცენტრიც“, – ამბობს Legends Tskaltubo Spa Resort-ის დირექტორი.
ანდრო ჯიშკარიანი აღნიშნავს, მუდმივი განახლების გარეშე სასტუმრო „მორალურად ძველდება“ და ლოიალური მომხმარებლებისთვისაც აღარ არის საინტერესო.
„ჩვენ არ ვჩერდებით და არც ვაპირებთ გაჩერებას, მიუხედავად იმისა როგორ მოხდება მთლიანობაში კურორტის განვითარება. განვითარებას ამ ბიზნესში ალტერნატივა არ აქვს“, – აცხადებს Legends Tskaltubo Spa Resort-ის დირექტორი.
მისი თქმით, მოლოდინია, რომ სასტუმროში ვიზიტორთა რაოდენობა 15 ივლისიდან გაიზრდება. ივლის-აგვისტოს პერიოდში 80%-ზე მეტ დატვირთულობას ელიან.