ბრიტანეთი “ქართული ოცნების” კორუფციული სქემების შესწავლას იწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თემთა პალატაში საგარეო კომიტეტზე ივანიშვილისა და მისი პარტიის გადამალული დიდძალი ქონება ამხილეს. ბრიტანელმა დეპუტატმა და მმართველი პარტიის წევრმა, ფილ ბრიკელმა პირველ დიპლომატს დეტალურად მოახსენა, როგორ ცდილობენ “ქართულ ოცნებაში” ბრიტანეთის ტერიტორიის კორუფციული სქემებისთვის გამოყენებას.
ფილ ბრიკელს კონკრეტული სახელი და გვარები არ დაუსახელებია, თუმცა საჯარო წყაროებით არაერთი ინფორმაცია არსებობს, ვის აქვს გადამალული ოფშორებში საკუთარი ქონება. ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ოფშორული კომპანიების ნულოვანი საგადასახადო პრივილეგიებით აქტიურად სარგებლობდა, რისთვისაც ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე, კაიმანსა და ბელიზზე კომპანიების მთელ ქსელს ფლობდა. სავარაუდოდ, სწორედ ბიძინა ივანიშვილია ერთ-ერთი მთავარი, ვისზეც ბრიტანეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატი მიანიშნებდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფინანსური სანქციებით შეშინებულმა “ოცნების” დამფუძნებელმა წლის დასაწყისში თადარიგი დაიჭირა და სავარაუდოდ ე.წ ოფშორების კანონით მოსუფთავებული ველით და საგადასახადო შეღავათებით საქართველოში ბიზნესების გადმოტანა დაიწყო, რადგან ბრიტანეთის ახალი კანონმდებლობით, გაერთანებული სამეფოს სანქციები ოფშორებში გადამალულ კომპანიებზეც ვრცელდება.