„ლაგუნა ვერე“-სთან ცათამბჯენების მშენებლობისთვის არქიტექტურის სამსახურში ძველი ნაგებობის დემონტაჟის განცხადება შევიდა – BMG

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში შევიდა განცხადება ყოფილი აბრეშუმის ქარხნის მიმდებარედ არსებულ 9945 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟის თაობაზე – აღნიშნული აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილზე ორი ცათამბჯენის და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მოხდეს. ადგილზე დემონტაჟის განხორციელების შესახებ ნებართვის განაცხადი კომპანია “ნეო სითი დეველოპმენტმა” წარადგინა.
არსებული მდგომარეობით უშუალოდ ცათამბჯენების სამშენებლო ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადება შესული არაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს მოხდა განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება, რაც 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტით შენარჩუნდება ყოფილი აბრეშუმის ქარხანა, სადაც მულტიფუნქციური კომპლექსი მოეწყობა, ხოლო მის თავზე და მის მიმდებარედ ახალი ცათამბჯენები აშენდება.
თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,400 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება იურიდიულად კვლავ “ქართუ ფონდის” შემადგენლობაში არსებული კომპანია “კოსტავას 69”-ის საკუთრებაა, თუმცა ამ ტერიტორიაზე ცათამბჯენის პროექტს კომპანია “ნეო სითი დეველოპმენტი” ახორციელებს, რომელიც 2023 წლის აგვისტოში “ქართუ ჯგუფის” სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დაიტვირთა. აღნიშნული კომპანია 2023 წლის მარტში დარეგისტრირდა, მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია.
თავდაპირველი არქიტექტურული პროექტის მიხედვით, ცათამბჯენის სიმაღლე 65 სართული უნდა ყოფილიყო, რაზეც შესაბამისი სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნა გაიცა, რის შემდეგაც კომპანიამ განახლებული პროექტი წარადგინა, სადაც ცათამბჯენის სიმაღლე 52 სართულამდე შემცირდა.
bm.ge