„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღება განახლდება

„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტომ 8 ივლისს განაცხადები მიიღო – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„განხილვის შედეგად, იმ განმცხადებლებს, რომელთა განაცხადები პროგრამის კრიტერიუმებთან იყო შეუსაბამო უარი ეცნობათ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღებას გამოაცხადებს განმეორებით – მიმდინარე წლის 29 ივლისის 12:00 საათზე, ბიუჯეტის (2,7 მლნ ლარი) ამოწურვამდე.
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნეს იდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.
პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.“- ნათქვამია ინფორმაციაში.