პესკოვი: სამხედრო ცენზურის დროა

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ გამოცემა „ექსპერტთან“ ინტერვიუში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ გაითვალისწინებენ წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რათა აღარ დაბრუნდეს დრო „მედუზას“ მსგავსი მედიასაშუალებების, რომლებიც „რუსეთზე ან ცუდს ამბობდნენ, ან არაფერს”.
„მედუზა“ იმ დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორისაა, რომლებიც ს ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადა და საქმიანობა შეუზღუდა. დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებების ნაწილი დაიხურა, ნაწილი კი საქმიანობას უცხოეთიდან განაგრძობს.
დღეს რუსეთში უპრობლემოდ საქმიანობენ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები.
პესკოვი მიიჩნევს, რომ რუსულ მედიაში დღეს არსებული „პატრიოტული ტენდენცია“ დადებითი მოვლენაა და შენარჩუნდება.
გამოცემა „ექსპერტის“ შეკითხვას, ბოლო სამი წლის განმავლობაში „რუსული ჟურნალისტიკის ლანდშაფტის“ მნიშვნელოვნად შეცვლასა და ადგილობრივი ბაზრიდან ზოგიერთი გამოცემის გასვლაზე, პესკოვმა უპასუხა, რომ „ახლა სამხედრო ცენზურის დროა“, ომი საინფორმაციო სივრცეშიც მიმდინარეობს და „არასწორი იქნება თვალი დახუჭო მედიაზე, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა რუსეთის დისკრედიტაციას“. ამიტომ, პესკოვის თქმით, „ახლა ეს რეჟიმი გამართლებულია“.
· რუსეთის მოქმედი კონსტიტუციის 29-ე მუხლით ცენზურა აკრძალულია.
პუტინის პრესმდივნის განცხადებითვე, „დადგება მომენტი”, როცა მოთხოვნა იქნება „უფრო რბილ საინფორმაციო პოლიტიკაზე“ და მაშინ გაჩნდება, ბევრი „ნეიტრალური მედიასაშუალება“, რომლებიც „პრობლემებზეც წერენ და მიღწევებზეც“.
ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რომელსაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს”, რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადეს ქვეყნის „შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია”. ინფორმაციას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობებისგან განსხვავდება, სასამართლოები არმიის დისკრედიტაციად განიხილავენ.
რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ კანონებს იღებდა უკრაინაში ომის დაწყებამდეც.
რუსეთი დატოვა ბევრმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა და არაერთი მედიასაშუალებაც დაიხურა. რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს უცხოურმა მედიასაშუალებებმაც.