“ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი” – სეს-მა ქობულეთში რძის საწარმო დააჯარიმა

ქობულეთში რძის გადამმუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო დაჯარიმდა და წარმოება შეუჩერდა – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი.
“ინდივიდუალური მეწარმე ი.ბ. (მისამართი: კლდიაშვილის ქ.18) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.
ამავდროულად, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას (ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამმუშავებელი წარმოებების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ.
მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3575 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 31 არარეგისტრირებული საწარმო”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.