“ერთობის გარეშე არაფერი კარგი არ გველის – მე ვარ ბოიკოტის მომხრე” – ზვიად ცეცხლაძე

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს ციხიდან “დაფიონი” ავრცელებს:
ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
” მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციაში არსებულ ვითარებას და დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება. ასევე, იმ პრობლემებს გავუსწორო თვალი, რაც დღეს საპროტესტო საზოგადოებაში არსებობს და ჩემი მოსაზრებაც შემოგთავაზოთ, თუ რითი შეიძლება ამ ხარვეზების გამოსწორება. პირველ რიგში დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას – მე ვარ ბოიკოტის მომხრე, მაგრამ კატეგორიულად ვგმობ იმ ლექსიკას, რასაც “ლელოს” მიმართ იყენებენ. საზოგადოების ნაწილს (ჩემს ზოგ ნაცნობსაც) არ მორიდებია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა “მოღალატე”, “გამყიდველი”, “მტერთან შეკრული”, “სუსი” და ა.შ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ და დგანან რუსთაველზე, ჩვენთან ერთად ათენებდნენ ღამეებს და ყველა კრიტიკულ მომენტში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ლელოს” ლიდერები დღესდღეობით პატიმრობაში სწორედ იმიტომ არიან, რომ ივანიშვილის რეჟიმს უწევენ წინააღმდეგობას. გუშინდელი თანამებრძოლების წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება მინიმუმ არაეთიკურია. კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, მაგრამ მას აქვს თავისი ჩარჩო. “”ლელო” კი ნამდვილად არ იმსახურებს იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რაც დღეს გვესმის, ამიტომ, მსურს, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო და გამძლეობა ვუსურვო, ბოიკოტის მომხრეებს კი მივმართო – თუ ჩვენ ვერავის ვუმტკიცებთ ბოიკოტის უპირატესობას, ესე იგი ვაკეთებთ არასაკმარისს. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ გვეკარგება ფოკუსი. მტრებით გარშემორტყმულებმა მოვახერხეთ და იმ ადამიანებში აღმოვაჩინეთ “მტრები”, რომლებიც სინამდვილეში ჩვენი თანამებრძოლებბი არიან. ფაქტია, რომ ერთობა არ გვაქვს. ერთობის გარეშე კი ეს ბრძოლა განწირულია მარცხისთვის. მსურს, ვისაუბრო იმაზე, თუ რა გვიშლის ხელს და რითი შეგვიძლია ამის გამოსწორება. ასევე, დეტალურად განვიხილავ სა და ბოიკოტის საკითხსაც. დავიწყოთ ერთობის საკითხით: 1. რატომ არ გამოდის ერთობა? ჩემი დაკვირვებით, ხელის შემშლელ ფაქტორებს წარმოადგენს: ერთმანეთის უნდობლობა, არასწორი ლექსიკა, ქედმაღლობა და განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობა. სამწუხაროდ, ჩვენს მასებს ახასიათებს ზურგს უკან ბრალდების წაყენება და ნაცვლად იმისა, რომ “ეჭვმიტანილთან” პირდაპირი დიალოგით დავადგინოთ ჭეშმარიტება, ვამჯობინებთ ზურგს უკან საუბარს – ეს ძირს უთხრის ერთმანეთისადმი ნდობასა და პატივისცემას. ამავდროულად, ზოგიერთ პარტიას მიაჩნია, რომ ის სხვა პარტიებზე უფრო ოპოზიციური და შესაბამისად, უკეთესია. ამ პარტიის წარმომადგენლებს არ ერიდებათ თავი მწყემსებად მოიხსენიონ, სხვები კი ცხვრებად გამოიყვანონ. ისინი “ერთობას” განმარტავენ არა როგორც თანასწორთა შორის კომპრომისულ შეთანხმებას, არამედ მათდამი უპირობო მორჩილებას – მსგავსი ქედმაღლური დამოკიდებულება აფერხებს თანამშრომლობას. 2. რითი განვამტკიცოთ ერთობა? პირველ რიგში, უნდა მოვეშვათ ზურგს უკან საუბარს და გამოვიჩინოთ ერთმანეთსადმი მეტი ნდობა. კითხვების არსებობის შემთხვევაში კი ამ კითხვების ადრესატს მივცეთ თავისი პოზიციის ახსნის საშუალება. უნდა ვაღიაროთ ერთმანეთს შორის თანასწორობა და ურთიერთობა დავამყაროთ კომპრომისზე. ერთმანეთთან საუბრისას კი შევარჩიოთ სწორი ლექსიკა. სიტყვები ზედმეტად ძვირფასი რამაა იმისთვის, რომ ასე მოურიდებლად და დაუფიქრებლად გამოვიყენოთ. 3. რომელია სწორი – ბოიკოტი თუ არჩევნები? სინამდვილეში, ორივე ბრძოლის პრაქტიკული ხერხია და ბრძოლის მეთოდის არჩევისას ფრთხილად უნდა აიწონოს მოსალოდნელი სარგებელიც და რისკებიც. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, რომ განვიხილოთ ორივეს დადებითი და უარყოფითი მხარეები: 1) დავიწყოთ არჩევნების მომხრეთა “არგუმენტებით” არჩევნების მომხრეებს აქვთ საკმაოდ მკაფიო მიზანი – თბილისის და სხვა დიდი ქალაქების წართმევა. რესურსების სწორი მობილიზებით ეს ნამდვილად შესაძლებელია. წარმატების შემთხვევაში მიღებული სარგებელი კი განუზომელი. სწორია არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თუ ივანიშვილს დავუტოვებთ თავისუფალ შრეებს, ის მას უკონკურენტოდ ამოავსებს. ბოიკოტს ეს რისკი ნამდვილად ახლავს. წარუმატებლობის შემთხვევაში მოწინააღმდეგე ჩვენს მიერ გათავისუფლებულ ადგილებს ავსებს და ძლიერდება. ამის ნათელ მაგალითად მიმაჩნია წულუკიანის კომისიის არსებობა. ოპოზიციის პარლამენტში არშესვლით ქოცებს საშუალება მიეცათ ცრუ ოპოზიციის ჩამოყალიბებისა და სრულიად კონტროლირებადი კომისიის შექმნის, რითიც ამდენი პოლიტიკოსი უკვე გაისტუმრეს ციხეში. ბოიკოტის მომხრეებს არ აქვთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეცვალონ მთავრობა. ბოიკოტის რიგი წარუმატებლობები კი საბრძოლო ალტერნატივად სწორედ არჩევნებს ტოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოიკოტი რომ სათანადოდ გამოგვსვლოდა, არჩევნებში შესვლის დღის წესრიგიც კი არ იარსებებდა. 4. არჩევნების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ზიანდება, არ აღიარებს პოლიტიკა. ყველა ვარიანტში ქოცების პროპაგანდას ეს ძლიერ ბერკეტს აძლევს, როგორც ქვეყნის შიგნით (ჩვენი დემორალიზების), ასევე ქვეყნის გარეთ (საგარეო ურთიერთობებში). გვჭირდება ამომრჩევლის მობილიზება. 26 ოქტომბრის მერე რთული იქნება ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ არჩევნებს ამ ქვეყანაში აქვს აზრი. ის ფაქტი, რომ ორი ოპოზიციური კოალიცია არჩევნებში არ შედის, პოტენციური ხმების რაოდენობას მინიმუმ ანახევრებს. თუ ეს ორი კოალიცია დაიწყებს “არჩევნებზე არ წასვლის”” კამპანიას, მაშინ ეს ხმები კიდევ უფრო შემცირდება. “ლელოს” კი ვურჩევდი იმ ფაქტის გათვალისწინებასაც, რომ საკუთარი პარტიის შიგნითაც უჭირს ყველას დარწმუნება არჩევნებში შესვლის თაობაზე. – თუ ვერ მოხერხდა ამომრჩეველთა საჭირო რაოდენობის მობილიზება, მაშინ არჩევნებს აზრი არ აქვს. არსებული დრაკონული კანონებით, ხმების დაცვა წარმოუდგენლად რთული იქნება. რომც მოხერხდეს ამომრჩეველთა საჭირო რაოდენობის მობილიზება, არ არის ფაქტი, რომ მათი ხმების დაცვა მოხერხდება (26 ოქტომბრის ოპოზიციამ ხმების დაცვის უუნარობა თვალნათლივ დაამტკიცა). ვერ მოხერხდება ასევე გაყალბების სათანადოდ დამტკიცება დამკვირვებლებისა და ეუთო ოდირის მონაწილეობის გარეშე. ჩემი მოსაზრება: არჩევნების მომხრეთა აზრი ჩემთვის სავსებით გასაგებია, ისინი ხედავენ ხარვეზს ბოიკოტის მეთოდში და არ არიან კმაყოფილნი არსებული შედეგებით. სწორედ ამიტომ, არჩევნებში ხედავენ ალტერნატიული ბრძოლის მეთოდს. ჩემი შეფასებით კი მოსალოდნელი რისკები მეტად მძიმეა, ვიდრე პოტენციური სარგებელი. სწორედ ამიტომ – არ ვემხრობი არჩევნების იდეას! 5. ბოიკოტის მომხრეთა არგუმენტები ბოიკოტი მორალურად უფრო გამართულია. 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ რეჟიმს სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადო. ბოიკოტი იწვევს სანქციებს. ბოიკოტი აიძულებს ქოცებს, რომ ჩვენზე იძალადონ, რაც სანქციების წინაპირობა ხდება. ბოიკოტი ახანგრძლივებს მთავრობის არაღიარების პოლიტიკას. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ბოიკოტმა მოიტანა ის არაღიარება, რაც დღეს გვაქვს. 6. ბოიკოტის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ბოიკოტის მომხრეებს არ აქვთ მკაფიო სამოქმედო გეგმა. მკაფიო გეგმის გარეშე კი, ბოიკოტი დიდი ვერაფრის მომტანია. ბოიკოტის მრავალი ნაირსახეობა არსებობს, ჩვენ კი შევარჩიეთ სრულიად მცდარი. ბოიკოტი ჩვენ არაფრის კეთებად აღვიქვით. მაშინ, როდესაც ბოიკოტი აქტიური ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებდა, ჩვენ, ნაცვლად ამისა, ავირჩიეთ პასიური ბოიკოტი, რაც სასურველ შედეგამდე ვერასდროს გაგვიყვანს. პასიურ ბოიკოტს, ფაქტობრივად, არ ახლავს წინააღმდეგობა. ჩვენ გამოვაცხადეთ ართანამშრომლობა (ისიც ნაწილობრივ) და გადავედით ლოდინის რეჟიმში. ნაცვლად იმისა, რომ შეტევითი პოლიტიკა გაგვეტარებინა. თუ ჩვენ არ ვაღიარებთ პარლამენტს და მთავრობას, მაშინ არც სასამართლოს და არც მიღებულ რეპრესიულ კანონებს უნდა ვემორჩილებოდეთ. თუ ჩვენ ვაცცადებთ სრულ დაუმორჩილებლობას, მაშინ რატომ მივდივართ ქოცების სასამართლოში? რატომ ვაჯარიმებინებთ თავს? რატომ ვიხდით უკანონო ჯარიმებს? რატომ ვაძლევთ პოლიციას იმის საშუალებას, რომ ხელბორკილები დაგვადოს? პოლიტიკოსების უმრავლესობა მისი ფეხით მივიდა ციხეში ნაცვლად იმისა, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ და დაკავების პროცესი მაინც გაერთულებინათ. აქტივისტების გატაცება და დაჭერა კი საერთოდ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს პოილიციისთვის. სად არის უწყვეტი ჯაჭვი, საიდანაც ვერაფრის დიდებით ვერ გამოგტაცებენ თანამებრძოლს? თუ შენს ბოიკოტს თან არ ახლავს ხარისხიანი წინააღმდეგობა, მაშინ ასეთი ბოიკოტი განწირულია. რეალობის არასწორი შეფასება – ქოცების ყოველ დრაკონულ კანონზე გვესმის “ეს მათი სისუსტის ნიშანია”. იმას კი არავინ ამბობს, როდესაც პოსტის გამო შენი დაჭერა შეუძლიათ, ესე იგი შენ გაქვს ცუდად საქმე, რომ სინამდვილეში ეს ჩვენი სისუსტის ნიჩანია. მსგავსი ცინიკური მიდგომა სპობს წინააღმდეგობის უნარს. არაღიარების პოლიტიკა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ეს არ არის ის ბრძოლა, სადაც დრო ჩვენს მხარესაა. თუ მტავრობა დროულად არ შევცვალეთ, ადრე თუ გვიან ყველა მაინც დეფაქტო მმართველთან დაიწყებს მოლაპარაკებას. ბოიკოტი მარცხის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს თავისუფალ სივრცეს უტოვებს, რისი ამოვსების შემდგომაც ის ახალ რეპრესიულ უნარებს იძენს (ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წულუკიანის კომისიაზე). ჩემი მოსაზრება: ბოიკოტის შერჩეული ფორმა მცდარია და განწირულია მარცხისთვის . ამიტომ, საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ რაღაც უფრო ქმედითი და შედეგისმომტანი გზები. დასკვნა: ჩემი აზრით, მსგავსი მოცემულობით არც ერთი ვარიანტი არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ჯამში მე მაინც იმას დავუჭერ მხარს, ვინც რაიმე შედეგს მოიტანს. რა უნდა ქნას ორივე მხარემ, რომ მათი მოსაზრება გახდეს უპირატესი? არჩევნების მომხრეებმა უნდა დაგვიმტკიცონ: 1)რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ საჭირო რაოდენობის მომხრეთა მობილიზება. 2) რომ მათ აქვთ უტყუარი ხერხი, რითაც მოახერხებენ ამ მობილიზებული ხერხით ხმების დაცვას – ან მინიმუმ შეძლებენ გაყალბების დამტკიცებას. თუ მოხერხდება ამ ორი საფრთხის ნეიტრალიზება, მაშინ მეც გავყვები არჩევნების გზას. ბოიკოტის მომხრეებმა უნდა გვაჩვენონ: •რომ არსებობს მკაფიო სამოქმედო გეგმა •რომ მათ აქვთ რესურსი ამ გეგმის შესასრულებლად •რომ მათ შეუძლიათ ბოიკოტი მოქმედებაში მოიყვანონ და მიიღონ ხელშესახები შედეგები •რომ მათ ძალუძთ საჭირო წინააღმდეგობის გაწევა. ამ შემთხვევაში მე დავინახავ აზრს, რომ გავარძელო ბოიკოტის მხარდაჭერა. 7. რა არის გამოსავალი? (ჩემი აზრით) გამოსავალი არის სწორი ბოიკოტი. ბოიკოტი უნდა გამოიხატებოდეს მოქმედებაში და არა უმოქმედობაში. გადავხედოთ მსოფლიო პრაქტიკას: -მაჰათმა განდის ჰქონდა გამოცხადებული მშვიდობიანი, მაგრამ ხარისხიანი წინააღმდეგობის მეთოდი. მისი ლოზუნგი იყო -“გავავსოთ ციხეები”. არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ინდოელები დემონსტრაციულად არღვევდნენ კანონს და ამან მიიღო იმხელა მასშტაბი, რომ ციხეებში ფაქტობრივად ადგილი აღარ დარჩა. რამაც მოშალა საპოლიციო სისტემა და ხელ-ფეხი გაუხსნა ციხის გარეთ მყოფ აქტივისტებს.(ცხადია ამას ხალხის დიდი მხარდაჭერა ჭირდება). შორს ნუ წავალთ და ეროვნული მოძრაობის მაგალითს შევხედოთ. ისინი იყვნენ აქტიურ ბოიკოტში, კეტავდნენ რკინიგზას, გაფიცვებით აჩერებდნენ ფაბრიკა-ქარხნებს, ძალით გამოყავდათ დაპატიმრებული თანამებრძოლები ციხიდან. სწორედ ამით უქმნიდნენ საბჭოთა სისტემას კრიზისს. ავიღოთ მეზობელი სომხეთის მაგალითი, რევოლუცია მათ მოაწყეს იმით, რომ ს შესასვლელ-გასასვლელი საფუძვლიანად ჩაკეტეს, ხანგრძლივი დროით. ქვეყანა გაშეშდა, არსებულმა მთავრობამ ვადამდელი არჩევნები დანიშნა და არჩევნები წააგო. არსებობს სხვა უამრავი საშუალება: ეკონომოკური არა-თანამშრომლობა, სოციალური სისტემიდან გასვლა, დაწესებულებების გაფიცვა, მუშაობის შენელებით გაფიცვა, ზეწოლა ჩინოვნიკებზე, სახალხო დაუმორჩილებლობა, ნელი და უხარისხო შესრულება, სახელმწიფო სასწავლებლებიდან გასვლა, არსებული ინსტიტუტების დაშლაზე უარი, პარალელური მთავრობის ჩამოყალიბება, ადმინისტრაციული სისტემების გადატვირთვა და სხვა მრავალი… სამოქმედო არეალი ძალიან, ძალიან დიდია.ნაცვლად ამისა, ჩვენ მხართეძოზე ვართ წამოწოლილები და ველოდებით სასწაულებრივ დახმარებას დასავლეთიდან. ჩვენ გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. 8. რა ბედი გველის? ერთობის გარეშე არაფერი კარგი არ გველის. სჯობს ეს ოთხი ოპოზიციური ცენტრი ერთ საერთო მოქმედებაზე შეთანხმდეს,ან ერთად შევიდნენ არჩევნებში ან ერთად გააცოცხლონ ბოიკოტი. ნუ გექნებათ სასწაულებრივი დახმარების იმედი, ვინაიდან ეხმარებიან მას, ვინც იმსახურებს, მოვიყვანოთ უკრაინის მაგალითი- რომ ვერ დაეცვა და რუსული წინსვლა ვერ შეეჩერებინა, მაშინ დასავლეთი თითსაც არ გაანძრევდა. ამ წარმატებით უკრაინამ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს დასავლური სამყაროდან და დღემდე ყოველ ჯერზე ამას ამტკიცებს კურსკის სპეცოპერაციით თუ “ობობის ქსელით”. დააკვირდით ტრამპის კრიტიკულად განწყობილი ადმინისტრაციაც როგორ ხდება იძულებული, რომ უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს. ახლა კი დასვით შემდეგი კითხვა, ასე მხართეძოზე წამოწოლილები და ბევრის მთმენნი-ვიმსახურებთ დახმარებას? ეს იყო ჩემი გულწრფელი შეფასება. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, ბევრი საფუძვლიანად არ წაიკითხავს და ისე დამასხამს ლაფს, მაგრამ ჩემი პოზიცია უნდა დამეფიქსირებინა. იქნებ მომავალში მაინც გადავაფასოთ ეს პრობლემები.