დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქართული ოცნების “გადამალული ფინანსების” შესახებ ისაუბრეს, აქცენტი ვირჯინიის კუნძულებზე გაკეთდა, სადაც დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, ზოგიერთი ქართული ოცნების ლიდერი საკუთარ სიმდიდრეს ინახავს.
მმართველი პარტიის დეპუტატმა ეს კითხვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის თემთა პალატაში მოსმენაზე დაუსვა.
“მინისტრო, თქვენ უკვე დიდი ხანია სათავეში უდგახართ კამპანიას, რომლის მიზანია ლონდონი აქციოს კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო დედაქალაქად და ეს მცდელობა დიდ შექებას იმსახურებს. ამ კონტექსტში, მე მსურს მოკლედ გაგესაუბროთ ოფშორულ ტერიტორიებზე, საქართველოს გავლით. საქართველოში პრორუსული პარტია ქართული ოცნების წამყვანი წევრები, გარდა იმისა, რომ ახშობენ სამოქალაქო საზოგადოებას და თელავენ ქართველი ხალხის სამოქალაქო თავისუფლებებს, სავარაუდოდ, იყენებენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიებს თავიანთი სიმდიდრის დამალვისა და გასაიდუმლოების მიზნით. ამ ფონზე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა შესაბამისი კანონის მიღება საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრების შესახებ. რა გზავნილია ეს?”, – ჰკითხა მან.
პასუხად, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საკითხს “ზედმიწევნით გადახედავს”.
“ეს საშინელი გზავნილია. ჩვენ ამ საკითხზე ვლაპარაკობთ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან და მოგვიანებით, გვექნება კონფერენციაც არაკანონიერ ფინანსებთან დაკავშირებით. თქვენ რომელი თემაც წამოწიეთ საქართველოსთან და იქ არსებულ კორუფციულ აქტივობებთან დაკავშირებით, მისი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ზედმიწევნით გადავხედავ და ამაზე გავესაუბრები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს”, – თქვა მინისტრმა.
