ავტომობილების საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორ კომპანია GT Motors-ში აცხადებენ, რომ საქართველოში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია.
როგორც BMG-ის კომპანიაში განუცხადეს, მიმდინარე წლის 6 თვეში მათი გაყიდვები წლიურად დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, მათ შორის მოთხოვნა გაზრდილია პრემიუმ კლასის ბრენდებზე.
GT Motors-ში ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია იმპორტირებული ავტომობილების ფასი, რაც თავის მხრივ, მწარმოებლებისთვის გაზრდილ ხარჯებს უკავშირდება.
“2025 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ წარმატებული იყო ჯი-თი მოტორსისთვის. ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად, გაყიდვებიც გაიზარდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი რეალიზაცია. განსაკუთრებით, დადებითია ეს ტენდენცია პრემიუმ სეგმენტზე. ჯი-თი მოტორსი საქართველოში ისეთ პრემიუმ ბრენდებს წარმოადგენს როგორიცაა Land Rover, Jaguar, BMW, Mini. ჯამურად ამ ავტომობილების რეალიზაცია წინა წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი. ძალიან დიდი წილი ახალი ავტომობილების გაყიდვის შემთხვევაში უჭირავს ჩანაცვლებას, ე.წ ტრეიდინს. ჩვენი არსებული მომხმარებლები ანაცვლებენ თავის ექსპლუატაციაში მყოფ ავტომობილს, ჩვენი ახალი ცენტრის ავტომობილებით. მოთხოვნა გაზრდილია ელექტრომობილებსა და დატენვად ჰიბრიდებზეც.
რაც შეეხება ფასებს, ზოგადად ავტომობილების წარმოების ხარჯები მთელ მსოფლიოში გაზრდილია, რაც შესაბამისად აისახება ავტომობილების ღირებულებაზეც და ჩვენს შემთხვევაშიც ავტომობილის ფასები დაახლოებით 1.5-2%-ითაა გაზრდილი. განსაკუთრებული ზრდა არის ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების შემთხვევაში. თუმცა ასეთ შემთხვევაში, მწარმოებელი ბრენდები გვთავაზობენ მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ, რაც გაყიდვებზეც დადებითად აისახება”, – განაცხადა BMW-ს, MINI-ს და Suzuki-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამუნა დიასამიძემ.
