“9 წელია ვოპერირებთ და ეს იყო ყველაზე მძიმე ზამთარი, რაც გვქონია. სჯობს, პირველ კვარტალს არც შევეხოთ. მარტიდან კი, სიტუაცია შედარებით გამოსწორდა და მკვდრეთით აღდგენა დავიწყეთ“, – განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ და ვიდრე მეორე კვარტალის შედეგებს შეაჯამებდა, წუხილით აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მაშინ ბიზნესის პრობლემები არც მოისმინა და შესაბამისად, არც გაიზიარა.
„ძალიან მძიმედ გავიარეთ წლის დასაწყისი… ჩემი ბევრი კოლეგა, ვინც ბევრად მშვიდ ლოკაციაზე მართავენ სასტუმროებს, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ… სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვისმინეს [იგულისხმება მთავრობის ეკონომიკური გუნდი]… ძალიან გაუჭირდათ, უბრალოდ, რეალური ფაქტების მიღება. სჯობდა, მეტად მოესმინათ ჩვენი პრობლემებისთვის რადგან ეს არ ყოფილა მხოლოდ 1-2 ობიექტის წუხილი, ეს იყო ბაზრის პრობლემა და ერთი შეხვედრაც კი არ გამართულა სასტუმრო ბიზნესთან. მე პირადად არავის დავუპატიჟივარ. შეიძლება, ვიღაცები მიიწვიეს და მე არ ვიცი“, – თქვა ნინო ჩუბინიძემ.
„აპრილიდან სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა. შემიძლია ვთქვა, რომ შარშანდელ აპრილთან შედარებით, სასტუმროს დატვირთულობა 7%-ით გაიზარდა. მაისშიც ძალიან კარგი შედეგები გვქონდა, მაგრამ რადგან 2024 წლის მაისშიც დემონსტრაციები იყო ქვეყანაში, შარშანდელ მაისს ვერ შევადარებ“, – განაცხადა ნინო ჩუბინიძემ და ასევე, ისაუბრა იმ ბაზრების არასტაბილურობაზე, საიდანაც „შოთა რუსთაველს“ სტუმრები ჰყავს.
„ზამთარში ალბათ ისევ დაიწყება გადარჩენისთვის ბრძოლა წესების გარეშე“, – განაცხადა მან „წერტილთან“ ინტერვიუში.
