“ოცნების” მოსვლიდან რამდენიმე კვირაში რუსულმა დაზვერვამ და ФСБ-მ დაიჭირა ჩვენი აგენტურული ქსელი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, სიები გადასცა საქართველოს ხელისუფლებამ | კალანდაძე
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძე “მთავარი არხის” ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე კვირებში რუსეთის სამხედრო დაზვერვამ და ეფესბემ დაიჭირა და გაანეიტრალა აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – ცხინვალსა და აფხაზეთში ჰყავდა. კალანდაძის თქმით, აგენტების სიები რუსეთს საქართველოს ხელისუფლებამ გადასცა:
“ქართული ოცნების მოსვლიდან, 2012 წელს სულ რამდენიმე კვირაში დაიჭირეს მთელი ჩვენი აგენტურული ქსელი, რომელიც იყო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ასევე რუსეთში. ახლა შემიძლია ამის თქმა იმიტომ რომ ისინი ყველა თავისუფლებაზე არიან. მოიხადეს 10 წელი, ზოგმა 8, ზოგმა 7. ამ კონკრეტულ მაგალითზე ვერ ვამბობდი იმიტომ, რომ ამით მე ვადასტურებდი იმათ ციხეში ჯდომას და დღეს უკვე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი აგენტურული ქსელი, რომელიც იყო ათეული წლების ნაშრომი, ეს არ იყო მარტო ჩემი პერიოდის, ეს იყო მანამდე ნამუშევარი, გადაეცა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. დაიჭირა სამხედრო დაზვერვამ რუსეთის და დაიჭირა ეფესბემ. ზუსტად იმ დროს, როცა იყო ალასანია თავდაცვის მინისტრი და ეს მთელი შემადგენლობა, რომელიც ახლა ბობოქრობს.” თქვა გიგი კალანდაძემ “დღის სტუმრის” ეთერში.
კალანდაძის თქმით, ყველა მათგანი ამჟამად გათავისუფლებულია პატიმრობიდან და მათ დატოვეს რუსეთი, კალანდაძე არ ასახელებს მათ ვინაობასა და რაოდენობას:
“ეს მოხდა 2012 წელსვე, ქართული ოცნება მოვიდა თუ არა მოიკითხეს ჩვენი სამხედრო დაზვერვის მიმართულებით ყველა მონაცემები, ყველაფერს რასაც ვაკეთებდით, როგორ ვიცავდით თავს, ქვეყანას და ასევე ეს აგენტურული ქსელი. ჩვენ გვქონდა კარგი აგენტურული ქსელი სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, რუსეთში უფრო ჩრდილოეთ კავკასიაში და ამას აკეთებდნენ არამარტო სამხედრო დეპარტამენტი, არამედ იმდროინდელი კუდის დეპარტამენტი, სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შსს-ში იმ დროს და ამ ყველაფერს ერთიანად მოუღეს ბოლო 20212 წლის დეკემბერში. ყველა იქნა დაჭერილი, ყველა იქნა გადაცემული. დასრულდა მათი პატიმრობის ვადა რამდენიმე თვის უკან. ბევრი, ვინც მოიხადა პატიმრობა, დატოვა რუსეთი, გადავიდა სხვაგან” თქვა გიგი კალანდაძემ.