ნიდერლანდის სასამართლომ 43 წლის რუსი მამაკაცი დამნაშავედ ცნო საერთაშორისო სანქციების დარღვევაში, რაც გამოიხატა ნახევარგამტარული ჩიპების მწარმოებელი კომპანიის, ASML-ის და სხვა ტექნოლოგიური კომპანიისგან რუსეთში მყოფი პირებისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებაში.
მამაკაცს, რომლის ვინაობაც ნიდერლანდის კანონმდებლობის თანახმად არ გასაჯაროებულა, როტერდამის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის გაამართლეს ზოგიერთ ბრალდებაში, მათ შორის ინფორმაციისთვის ანაზღაურების მიღებაში.
„რჩევების მიცემა და ტექნოლოგიების რუსეთთან გაზიარება უკიდურესად სერიოზულია, – განაცხადა სასამართლომ წერილობით გადაწყვეტილებაში. – ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყნის სამხედრო და სტრატეგიული შესაძლებლობების გაძლიერებას. ამას შედეგები მოჰყვება უკრაინისთვის და ირიბად საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“.
ASML პროცესორის ჩიპების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანიის წლიური ბრუნვა მილიარდობით დოლარია.
როტერდამის სასამართლომ განაცხადა, რომ მამაკაცმა რუსეთს ინფორმაცია გადასცა მიკროჩიპების წარმოების ხაზის აწყობის შესახებ. ასეთ ნახევარგამტარულ ჩიპებს მრავალი გამოყენება აქვს. ისინი გამოიყენება სამხედრო აღჭურვილობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების დასამზადებლად, როგორიცაა დრონები, რომლებიც მოსკოვის საომარი მანქანის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ უკრაინაში.
ფორუმი
