ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილს წაკითხული ტექსტის განმარტებისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ თამარ მჭედლიშვილი საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული19 წლის საბა ჯიქიას ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მას შემდეგ განუცხადა, რაც საბა ჯიქია მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მისივე თქმით, ის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„დღევანდელი პროცესი იყო იმის წყალგამყოფი, თამარ მჭედლიშვილს შეეძლო თუ არა გადაწყვეტილება მიეღო დამოუკიდებლად. ჩვენ ვნახეთ, რომ ის გავიდა სათათბიროდ. მე განზრახ ვამოწმებდი, რასაც კითხულობდა ანუ იმ ტექსტის წაკითხვას, სათათბიროდ გასვლას და ამ ტექსტის დაწერას რა დრო დასჭირდებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილს წაკითხული ტექსტის განმარტებისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ თამარ მჭედლიშვილი საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები წინასწარი განწყობით ჩამოდიან პირველივე პროცესზე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ. ამ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა ადამიანს“, – განაცხადა ავსაჯანიშვილმა.
ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიქიას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა. აღნიშნული ბრალი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
