“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს 10 ივლისს მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, რომელმაც გამოძიების ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობა სცდა, არავითარი პრეტენზიები არ აქვს.
თბილისის მერიის ორგანიზებული ღონისძიების დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, ვინ ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს.
“რაც შეეხება მუქარას, თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს ეს უნდა იყოს მთავარი გამოძიების საგანი. მე მედია როცა დავასახელე ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი რომ მედია ქმნის სტერსს სამარცხვინო ტყუილებით”
ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა რას აბრალებდნენ თორნიკე რიჟვაძეს, როცა ის „წერილში“ წერდა რომ მისი ყველა მეგობარი და ოჯახის წევრი უდანაშაულოა.
სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა წერილი, რომელზეც თქვეს, რომ თორნიკე რიჟვაძის დაწერილია და ტანსაცმელში მას სამედიცინო პერსონალმა აღმოუჩინა.
“ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები – ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, – აღნიშნულია ტექსტში, რომლის სრულ ვერსიასაც „იმედი“ ავრცელებს.
წერილის შინაარსიდან გამომდინარე გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლო ზეწოლა უკავშირდება არა მხოლოდ თორნიკე რიჟვაძეს, არამედ მის მეგობრებს, თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს.
„ჩვენ არაფერს არ ვაბრალებდით. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება ბრალდებებს, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი როგორ იყო? თქვენ (მიმართა ტვ პირველის ჟურნალისტს) ავრცელებდით ათას სამარცხვინო ტყუილს კონკრეტულად თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებითაც. მე ჩემს თავზე შემიძლია გითხრათ, მე პირადად და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ, ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ბოლომდე, მათ შორის, მას შემდეგეც რაც მანდ დატოვა თანამდებობა, რამდენიმე შეხვედრა მქონდა ძალიან თბილი შეხვედრები ყოველ ჯერზე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
თორნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტის გახმაურების შემდეგ, 7 ივლისს, პროსახელისუფლებო მედიამ მალევე გაავრცელა ცნობები მის ტანსაცმელში “სამედიცინო პერსონალის” მიერ აღმოჩენილი წერილის შესახებ, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზად დასახელებულია მის მიმართ ბრალდებები „კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში“ და ხაზგასმულია იმედი, რომ რიჟვაძის ნათესავებს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დაიცავენ.
· 7 ივლისის დილას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა და დაიჭრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
· რიჟვაძის საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ მიყვანის შემდეგ ახვლედიანი პოლიციამ დააკავა „იარაღის დაუდევრად შენახვის“ ბრალდებით;
· რიჟვაძე იმავე დღესვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მას უკვე დადებითი დინამიკა აღენიშნებოდა;
· 8 ივლისს ახვლედიანისთვის ბრალის წაყენების შესახებ პროკურატურის განცხადებიდან გაირკვა, რომ გამოძიება მუშაობს თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით – ახვლედიანი სხდომათა დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს;
· 9 ივლისს, დილით ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის თხოვნით, თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
· თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან.
· რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა. მან გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ფორუმი
