ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პაუზის შემდეგ ისევ დაიწყო უკრაინისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, სააგენტოს 9 ივლისს აცნობეს, რომ უკრაინას აწვდიან 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს და რაკეტებს GMLRS, რომლებსაც მობილური სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის იყენებენ.
Reuters-ის წყაროებს არ უთქვამთ საბრძოლო მასალების რაოდენობა და არც ის, უკვე ადგილზეა თუ არა ეს იარაღი.
ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას შეუჩერა ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება, რაც პენტაგონის მარაგების შემცირებით გამოწვეულ საფრთხეს და სიტუაციის შეფასების აუცილებლობას დაუკავშირეს.
მედიასაშუალებები წერდნენ, რომ შეჩერებულია უკრაინისთვის ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდება.
7 ივლისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავენ უკრაინას გაუგზავნონ დამატებითი, ძირითადად, თავდაცვისთვის საჭირო იარაღი, რადგან უკრაინა ძლიერი დარტყმების ქვეშაა და უამრავი ადამიანი იღუპება.
პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებიდან მალევე თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უკრაინაში დამატებით თავდაცვით იარაღს აგზავნიან.
რუსეთის არმია ინტენსიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სახმელეთო შეტევებითაც ცდილობს ახალი რაიონების დაპყრობას.
ფორუმი
