ონლაინ გაყიდვების გაძლიერებას ვაპირებთ, მაგრამ ახალ მაღაზიებსაც გავხსნით – „ბიბლუსის“ საოპერაციო დირექტორის სოფო გორდაძის თქმით, კომპანია ონლაინ გაყიდვების გაძლიერებას აპირებს, ვინაიდან მსოფლიო ტრენდი ასეთია. თუმცა, როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, იგეგმება ფიზიკური მაღაზიების დამატებაც.
„„ბიბლუსი ჯგუფი“ არის ყველაზე ფართო ქსელი წიგნის და საკანცელარიო მასალების გავრცელების მიმართულებით. შესაბამისად, არ ვაპირებთ გაჩერებას, და ვაგრძელებთ განვითარებას. მაღაზიების დამატების პროცესი არ შეფერხდება“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე სამი ახალი მაღაზია გაიხსნება, მათ შორის ორი თბილისში, ხოლო ერთი – თელავში.
„ონლაინ გაყიდვების ზრდა დიდად არ შეინიშნება, მაინც ფიზიკურ მაღაზიებში ურჩევნიათ მისვლა. წიგნის მაღაზიას აქვს თავისი მიმზიდველობა, ის გამოცდილება, რასაც მომხმარებელი წიგნის მაღაზიაში მოსვლით იღებს, ონლაინ ვერ მიიღებს, ეს ერთგვარი გართობაცაა. თუმცა ჩვენ მაინც ვაპირებთ ონლაინ მიმართულების გაძლიერებას“, – აღნიშნა მან.
ამასთან, როგორც სოფო გორდაძემ აღნიშნა, ამჟამად, „ბიბლუსის“ გაყიდვების დაახლოებით 10% მოდის ონლაინ გაყიდვებზე, დანარჩენი კი – ფიზიკურ მაღაზიებზე.
„ამას ისიც განაპირობებს, რომ ბიბლუსის მაღაზია თითქმის მთელ საქართველოში ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი და არ არის ჩვენთან წიგნის შეძენა გართულებული“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გაყიდვების ტენდენციას, როგორც „ბიბლუსი ჯგუფის“ საოპერაციო დირექტორი ამბობს, წელს, კომპანიას ზრდა არ აქვს, თუმცა, სტაბილურობას ინარჩუნებს.
