ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ადგილობრივი არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით
ზოგადად ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, იწვევს თუ არ იწვევს ეუთო/ოდირს არჩევნებზე დასაკვირვებლად. ადგილობრივი არჩევნები, არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, – აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები წინასაარჩევნოდ ქმნის სპეკულაციების შესაძლებლობებს.
„ჩვენ ვართ ეუთოს მონაწილე ქვეყანა და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იმ პრინციპებს, რა პრინციპებზედაც არის ეს ორგანიზაცია დაშენებული. ზოგადად, ურთიერთპატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ და ინსტიტუტების მხრიდან ზოგადად კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყანას მოგვესმინა ეუთოს ერთი-ერთი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ამ შემთხვევაში ოდირის ხელმძღვანელზე მაქვს საუბარი წუხილი იმასთან დაკავშირებით, როდესაც ხდება თავდასხმა ეუთო/ოდირის მისიაზე ჩვენ არაერთი დებატის დროს ევროსაბჭოში თუ ევროპარლამენტშიც მოვისმინეთ თუ როგორ უწოდეს ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს კრიმინალები. ამაზე მე არ მინახავს ოდირის ხელმძღვანელის რეაქცია და კარგი იქნებოდა თუ ის პირველ რიგში დაიცავდა ამ ინსტიტუტის რეპუტაციას სწორედ ასეთი შეტევებისგან, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, ევროპის საბჭოში იყო ცოტა ხნის წინ ასეთი ფაქტი და ევროპარლამენტში. მე მაინტერესებს, ასევე, რამდენად იზიარებს ოდირის ხელმძღვანელი ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოცემულ ასე ვთქვათ პარალელურ რეალობას, რომ არჩევნები იყო თურმე არალეგიტიმური.
აქ არის ერთი რამ გასათვალისწინებელი, ეუთო/ოდირი ნაკლებად აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს. კი, ჩვენ მოგვიწვევია და გვითხოვია ეუთო/ოდირისთვის, რომ გამოეგზავნა მისია ადგილობრივ არჩევნებზე და ეს იყო კი, ჩვენი გადაწყვეტილება. ასეთი რაღაცნაირად თავს მოხვევა, ასეთი რაღაცა არ ხდება არცერთ შემთხვევაში, რომ გინდა თუ არა მე ჩამოვალ, დაგაკვირდები.
ჯერ ერთი ეს არის პროცესი. ასე, რაღაც წინსწრებით ამგვარი განცხადებების კეთება სრულიად წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ამაზე საუბარი და შეიძლება ამაზე ყოფილიყო საუბარი. მეორე, ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ ადგილობრივი არჩევნები ოფიციალურად არც გამოცხადებულა. ეს ორი თვით ადრე ხდება. პოლიტიკური პარტიები კი ხედავთ ზოგი რა გადაწყვეტილებას იღებს, ზოგი რა გადაწყვეტილებას. ყოველდღიურად გვაქვს ახალი რეალობა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება არჩევნებს. ახლა ამ განცხადების გაკეთება და რაღაცნაირად გავლენის მოხდენა თითქოს ამ პროცესზე, ცოტა სხვა ეჭვებს და განცდებს ბადებს ჩვენში და არ მგონია, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის განცხადება ამგვარი უნდა ყოფილიყო. ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე გვექნება საუბარი ოდირის ხელმძღვანელთან და აუცილებლად განვიხილავთ ამ განცხადების მოტივებსაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთო/ოდირმა საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, ეს კი წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკისგან.

ასევე დაგაინტერესებთ