გაიმართა ქალების მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე

დედაქალაქში, მთავარ გამზირზე, შოთა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე, გაიმართა ქალთა საპროტესტო მსვლელობა ქოლგებით. მსვლელობის მონაწილეთა ნაწილს ქოლგებზე პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების სახელები და გვარები ეწერა.
„ველოდები მხოლოდ სიკეთეს, მაგრამ ასე იოლად არ იქნება საქმე, ამასაც ვხვდები. ბრძოლა ბოლომდე! ძალიან ბევრი დედა ვართ, ვერავინ ვერ გაგვაჩერებს… შვილები უნდა გადავარჩინოთ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ცეცხლაძის დედამ, ნარგიზ დავითაძემ.
მასთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობდნენ სხვა დაკავებულების დედები და დები.
ეს აქცია საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ დაგეგმილი იყო. მისმა ერთ-ერთმა წევრმა თეონა ჭალიძემ, რომელიც ამავდროულად არის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ პროტესტის ამ ფორმის ინსპირაცია ჰონგ-კონგის „ქოლგების მოძრაობა“ იყო.
„ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ვაჩვენოთ ერთობა. ქოლგები მოვიტანეთ სიმბოლურად, რადგან ჩვენ ერთი ქოლგის ქვეშ ვერთიანდებით. ქოლგები დღევანდელი პროტესტის იარაღი იყო, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს – ზედ ვაწერთ პოლიტპატიმრების სახელებსა და ლოზუნგებს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას თეონა ჭალიძემ.
დღევანდელი მსვლელობის მთავარი სლოგანი იყო – „გამარჯვება ჩვენია“. აქციას მიუძღვებოდა პლაკატი ამ წარწერით. ამავე შინაარსის შეძახილები ხშირად ისმის პროევროპულ აქციებზე, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, უკვე 224 დღეა იმართება. აქციების მთავარი მოთხოვნა ახალი ს ჩატარება და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაა.
დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ხალხი გამოიყვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ისინი აღარ იქნებიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის ინიციატორები.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი