ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო უკრაინისა და ნიდერლანდის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ ოთხ სახელმწიფოთაშორისო საჩივარზე.
ისინი ეხება უკრაინაში ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან დარღვევას 2022 წლის 24 თებერვალს ქვეყანაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე და შემდეგ, და ასევე 2014 წელს მალაიზიის სამგზავრო “ბოინგის” ჩამოვარდნას დონბასში – როგორც ადრე დაადგინა ნიდერლანდის სასამართლომ, თვითმფრინავს რუსული “ბუკის” სარაკეტო სისტემით ესროლეს.
ოთხი საჩივარი – სამი უკრაინის და ერთი ნიდერლანდის მიერ შეტანილი – ერთ საქმეში გაერთიანდა.
საჩივრები ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას დონბასში 2014 წელს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან, ასევე 2014 წლიდან მოყოლებული უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანას რუსეთში, 2014 წლის 17 ივლისს “ბოინგის” კატასტროფის გარემოებებს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს 2022 წლის შეჭრის შემდეგ.
სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის “მასობრივი და სისტემური” ხასიათი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისა და პატიმრების მკვლელობა, წამება, უკანონო პატიმრობა, უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან გაყვანა და უკრაინული იდენტობის ჩახშობა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო სასამართლომ მოსკოვი დამნაშავედ ცნო ადამიანის უფლებების დარღვევაში, აღნიშნავს Associated Press-ი.
MH17-ის რეისის კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც 298 ადამიანი ემსხვერპლა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ “ბოინგი” რუსული “ბუკის” სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს და რუსეთია პასუხისმგებელი, რომ ეს შესაძლებელი გახდა. დაღუპულთა ნათესავების წარმომადგენლებმა ამას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს.
პირველად მოხდა, რომ საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს MH17-ის საქმეზე.
„ჩვენ მათ განხორციელებას არ ვაპირებთ; ჩვენ მათ უმნიშვნელოდ მივიჩნევთ“, – თქვა მან.
მოსკოვი არ ცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციას და არ ასრულებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს 2022 წლის მარტის შემდეგ, როდესაც რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს.
ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიმავალი “ბოინგ-777” 2014 წლის 17 ივლისს ჩამოადგეს რუსული წარმოების “ბუკის” რაკეტით, რომელიც გაშვებული იყო აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან. ამ ტერიტორიას აკონტროლებენ სეპარატისტები, რომელთაც რუსეთი უმაგრებს ზურგს. როგორც ნიდერლანდის სასამართლომ დაადგინა, “ბუკის” სარაკეტო დანადგარი რუსეთის ტერიტორიიდან იქნა მიწოდებული. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება. რუსეთი უარყოფს კატასტროფაში რაიმე მონაწილეობას.