უკრაინაში ჯაშუშობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, დაკავებული ჩინეთის მოქალაქეები ქვეყნიდან უკრაინული “ნეპტუნ”-ის რაკეტების წარმოების შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გატანას ცდილობდნენ.
“უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ კიევში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ჩინეთში უკანონოდ ცდილობდნენ უკრაინული სარაკეტო კომპლექსი “ნეპტუნ”-ის შესახებ საიდუმლო დოკუმენტაციის გატანას”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის სპეცსამსახურების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული კიევის ერთ-ერთი ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტია. მეორე დაკავებული კი მამამისია, რომელიც ჩინეთში ცხოვრობდა, მაგრამ პერიოდულად უკრაინაში ჩადიოდა, რათა პირადად მოეხდინა თავისი შვილის აგენტურული სამუშაოს კოორდინირება.
აღნიშნულია, რომ ყოფილი ჩინელი სტუდენტი “ნეპტუნ”-ების წარმოების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის მოსაპოვებლად უკრაინელის რეკრუტირებას ცდილობდა, რომელსაც კავშირი ჰქონდა უახლესი შეიარაღების განვითარებასთან. მამამისი კი უკრაინის ტერიტორიაზე 7 ივლისს შევიდა და მომდევნო დღეს კიევში ჩინეთის საელჩოს ეწვია.
“უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ ჯაშუში ჯერ კიდევ დაწყვებით ეტაპზე გამოაშკარავა და დანაშაულის ადგილზე დააკავა, მისთვის საიდუმლო დოკუემენტების გადაცემის დროს. მომდევნო ეტაპზე დააკავეს მამამისი, რომელსაც საიდუმლო ცნობები ჩინეთის სპეცსამსახურებისთვის უნდა გადაეცა”, – ნათქვამია განცხადებაში.
