“ხორბლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200 000 ტონაა” – როგორ მიმდინარეობა ალოობა 2025?

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ წელს ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით გასული წლის მსგავსია და 200 000 ტონას შეადგენს.
მან ალოობის მიმდინარეობაზე მედიაჰოლდინგ “კვირაში” ისაუბრა. ლევან სილაგავას თქმით, წვიმებმა ხელი შეუშალა როგორც მოსავლის აღებას, ხორბლის ხარისხზეც უარყოფითად იმოქმედა.
“წელს, მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200 000 ტონაა, ანუ დაახლოებით შარშანდელი და ცოტა მეტი. ეს არის სასურსათო და არასასურსათო ხორბლის ჯამი. ალოობა დროის მიხედვით აქტიურ ფაზაშია, მაგრამ ფიზიკურად შეფერხებები ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ამინდებმა სამწუხაროდ ხელი არ შეუწყო ხორბლის აღების ტემპს. ამის გამო ასევე ხორბლის ხარისხის მაჩვენებლები გარკვეულწილად პრობლემური გახდა და ხორბლის ნაწილი სასურსათოდან არასასურსათოში გადავიდა. ამ სამი დღის განმავლობაში შტაბის ფარგლებში იქნება განხილული ეს საკითხი, პროგნოზები გარკვეულწილად ხომ არ გადაიხედება მათ შორის ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით. სავარაუდოდ, კორექტირება იქნება, იმედი გვაქვს, რომ დიდი კორექტირება არ იქნება, თუმცა ახლა მიმდინარეობს ინფორმაციების შეგროვება სოფლის მეურნეობის სამინისტროში”,- ამბობს ლევან სილაგავა.