იმერული ხაჭაპურის მომზადება კიდევ უფრო გაძვირდა, ბოლო 10 წელში კი თითქმის გაორმაგდა | ISET ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს

2014-2023 წლების მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ფასი თითქმის გაორმაგდა და 3.66 ლარიდან 6.48 ლარამდე გაიზარდა – ინდექსს ISET-ი აქვეყნებს.
ISET-ის თანახმად, ყველაზე დაბალი ფასი (3.61 ლარი) 2016 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, ინდექსმა ყველაზე მაღალ ღირებულებას – 6.99 ლარს – კი 2022 წლის დეკემბერში მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2018 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ინდექსის შემცირება, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი კლებაა (-7.3%) ბოლო ათი წლის განმავლობაში.
2023 წლის ბოლო თვეს და წინა საახალწლო პერიოდს, დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.48 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) კი მნიშვნელოვნად, 7.3%-ით არის შემცირებული.
2023 წლის დეკემბერში ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: რძე – 1.3%, კარაქი – 1.2%, ფქვილი – 1%, ყველი – 0,2%. მაშინ, როცა საფუარისა (-5.3%) და კვერცხის (-0.2%) ფასები შემცირდა.
წინა წელთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი საქართველოს ძირითად ქალაქებში შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა თელავში (-12.4%), შემდეგ – თბილისში (-6.9%), ქუთაისსა (-5.2%) და ბათუმში (-4.3%)