„ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარს უჭერს“ – მარტა კოსი

მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველით“.
„საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითიდღე ირყევა. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მძიმე რეპრესიები დაიწყო ევროკავშირის მომხრე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბოლო კვირის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი დააკავეს. ხელისუფლება აგრძელებს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, ხოლო რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს“, – განაცხადა მარტა კოსმა.
მისი თქმით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
„ამჟამად კომისია 46 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს. დამატებით 32 მილიონი ევრო წევრი ქვეყნების დამტკიცების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. უახლესი რეპრესიული კანონები, კერძოდ FARA, გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
მისი თქმით, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიები მიუღებელია.
„დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ჩვენ ვაძლიერებთ საკომუნიკაციო ძალისხმევას, ხოლო შემოდგომაზე წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ, დამატებით 7 მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარს უჭერს. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვდგავართ. მომავალ კვირას საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ მთავრობის რეპრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ. დემოკრატიული სტანდარტების ამჟამინდელ უკუსვლაზე საპასუხოდ ყველა ვარიანტი განსახილველად უნდა დარჩეს, ამავდროულად, გაფართოების სამუშაო ჩარჩოს მიღმა ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკაში ჩართულობის შესაძლებლობა უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიისა და რეგიონული კავშირის კონტექსტში“, – განაცხადა ევროკომისარმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი