პოლიტიკოსების დაპატიმრების გამო, ეს არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი – იუკნევიჩიენემ რეზოლუციის შესწორებები წარადგინა

ევროპარლამენტის წევრი ლიეტუვიდან, რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოზე რეზოლუციაში, – რომლის მიღებაც დღეს იგეგმება და რომელიც ეყრდნობა „საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს“, – გარკვეული შესწორებები შევა.
რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, რეზოლუციას ემატება გარკვეული დეტალები, – მათ შორის ორი ზეპირი შესწორება.
„მოხდა [რეზოლუციის ტექსტის] განახლება, რათა ავსახოთ უახლესი მოვლენები, კერძოდ, ოპოზიციის თითქმის ყველა მთავარი ლიდერის დაკავება, რაც პოლიტიკურად მოტივირებულია, და ცნობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა“, – განაცხადა მან.
როგორც ევროპარლამენტარმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პოზიციის განახლება:
„ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად“.
რაც შეეხება ზეპირ შესწორებებს, მომხსენებლის განცხადებით:
· პირველი ეხება მზია ამაღლობელს: „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუარესებას, – ის კარგავს მხედველობას, არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება“.
· მეორე შესწორება კი „ამკაცრებს ფორმულირებას, რომელიც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვას“.
„ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ, რადგან საქართველომ აშკარად დაარღვია ძირითადი დემოკრატიული პრინციპები“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამ კონტექსტში ახსენა მან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა და თქვა, რომ ამაზე „პასუხისმგელობლობა ეკისხება ივანიშვილსა და მის პარტიას“.
· „ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება,
· ძალადობის ფაქტები,
· ახალი სანქციები,
· ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა,
· თვითმმართველობის არჩევნების ტესტი –
ეს და სხვა აქცენტებია თავმოყრილი ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტში, რომელიც, როგორც დღეს დააზუსტეს, 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცებენ.
ტექსტში წერია, რომ “ვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესებულია ევროკომისიის ბოლო ანგარიშის [2024 წლის 30 ოქტომბერს] გამოქვეყნების შემდეგ და ეს გაუარესება “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები “გაყალბებულ არჩევნებად” არის მოხსენიებული.
ფორუმი