რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველს, გელა ერაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, – ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქის, გელა ერაძეს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობას ადასტურებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი დაუსწრებლად იქნა დამნაშავედ ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერაძეს დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის დასაწყისში ერაძე ნებაყოფლობით შეუერთდა უკრაინულ შეიარაღებულ ფორმირებას, როგორც დაქირავებული მებრძოლი, გაიარა სამხედრო წვრთნები და მიიღო საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „ერაძე, მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ“, მონაწილეობდა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში.
