ODIHR „ოცნებას“ რეპრესიული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სულ უფრო მეტად შემზღუდველი კანონმდებლობა, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში, აგრეთვე ოპოზიციური ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებები, მზარდ შეშფოთებას იწვევს.
„დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს საქართველოში, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლო დაკავებებისა და მსჯავრდადებების ფონზე. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა, რომელიც უშლის ხელს სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ქვაკუთხედია“, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.
ODIHR განსაკუთრებით შეშფოთებულია ბოლო თვეებში ათეულობით პროტესტის მონაწილეთა დაკავების და იმ ცნობების გამო, რომლებიც მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაუცველობაზე, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კანონიერ საქმიანობაზე გაზრდილი ზეწოლის გამო. განცხადებაში ხაზგასმულია ბოლო კვირებში ოპოზიციის რვა წამყვანი პოლიტიკოსის დაკავება.
„გასულ წელს ODIHR-მა იურიდიულ მიმოხილვაში ურჩია საქართველოს, გაეუქმებინა ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“ და გააფრთხილა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ახალი რეგულირება მათ შესაძლებლობებს შეამცირებდა. მიმდინარე წლის მარტში ოფისმა ასევე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა დემონსტრაციების და შეკრების სხვა ფორმების რეგულირების შესახებ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ განსაზღვრული სანქციები გადაჭარბებულია და შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა ერთობლივად დაადასტურეს, რომ „სამართლის უზენაესობა უნდა ემყარებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების პატივისცემას, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებას და თვითნებური დაკავებისა თუ პატიმრობისგან დაცვის უფლებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს სახელმწიფოთა შეთანხმებას, რომ აღიარებულ უნდა იქნას პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლება და „მოწინააღმდეგე პარტიებისთვის გათვალისწინებული იყოს თანაბარი მოპყრობის გარანტიები“.
ODIHR-ის წუხილს იწვევს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვა, არ მოიწვიონ ოფისი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც „აცდენილია საქართველოს ოცი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ და განუხრელ პრაქტიკას“.
ODIHR კვლავ მზადყოფნას აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში გამოგზავნოს სადამკვირვებლო მისია, თუ ხელისუფლება დროულად გაგზავნის მოწვევას.
„ODIHR ერთგულად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ეუთოს ვალდებულებათა შესრულებაში და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ განვაგრძობთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა შევუწყოთ ხელი დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცებას ყველასთვის,“ – დასძინა მარია ტელალიანმა.
„ქართული ოცნება“ 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებს. მ თქვა, რომ „ზოგადად, არ არის პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს“ და „გადახვევად“ დაასახელა 2021 წლის თვითმმართველობის .
სინამდვილეში, წელს პირველი გამონაკლისია, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ