აქტივისტ ალბი კორძაიას ბოლო ერთ თვეში ადმინისტრაციული პატიმრობა მეორედ შეუფარდეს.
ამჯერად მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის გამო შეუფარდეს. ბიძინა ჟამერაშვილი მათე დევიძის საქმის მოწმე და დაზარალებულად ცნობილი პოლიციელია.
გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა მიიღო.
„სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი პატიმრობა 5 დღე. ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, – დაწერა Facebook-ზე ალბი კორძაიამ.
აქტივისტ ალბი კორძაიას ცნობით, პოლიციელმა ბიძინა ჟამერაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის უჩივლა.
„დამირეკეს საპატრულოდან. ბიძინა ჟამერაშვილი მიჩივის შეურაცხყოფის მიყენებას. თავიდან ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე, მეგონა დღევანდელ სასამართლოზე მირეკავდნენ, მერე პოლიციელის შეურაცხყოფაო, 28 ივნისი. რა თქმა უნდა, იქვე ვთქვი, რომ უარესს იმსახურებს ეგ ნამუსგარეცხილი — მათე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა და ბათუმში ისვენებს“, — დაწერა ალბი კორძაიამ 30 ივნისს.
ალბი კორძაიამ 28 ივნისს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ბათუმში მათე დევიძის საქმის მოწმეს პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს გადაეყარა, რასაც მასთან შელაპარაკება მოჰყვა.
მანამდე, 4 ივნისს ალბი კორძაია 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა თეა წულუკიანის სახლის სიახლოვეს ყოფნასა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენების საფუძვლით. 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ალბი კორძაიამ იზოლატორი 14 ივნისს დატოვა.
