განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) წასვლის შემდეგ უწყება არაერთმა ადამიანმა დატოვა. შაიშმელაშვილის თქმით, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შსს-ში “ხარებამ” მიიყვანა და მათ აქვთ რწმენა, რომ ხარებას გარდა არავისთან უნდა იმუშაონ.
“თანამდებობა დატოვა როგორც მთავარი სამმართველოს უფროსმა, აგრეთვე ცალკეული სამმართველოების უფროსებმა, მთავარ სამმართველოში შემავალმა სამმართველოს უფროსებმა და მათმა მოადგილეებმა და ცალკეულმა [პიროვნებებმა]. შესაძლოა, ეს იყვნენ განყოფილების უფროსები, უფროსი ინსპექტრები და ინსპექტორები. ეს ადამიანები, როგორც კი წავიდა ხარაზიშვილი, ყველამ უკლებლივ დაწერა განცხადება, ზოგს უკვე დაწერილი ჰქონდა. […] ეს იყვნენ კატეგორია ადამიანების, რომლებიც მოიყვანა ხარაზიშვილმა, როდესაც დაინიშნა დეპარტამენტის დირექტორად. არა მარტო გდდ-ში მოიყვანა ეს ადამიანები, სადაც დადიოდა ხარაზიშვილი, ყველგან დაჰყავდა ეს ხალხი. შესაბამისად, ამ ხალხს აქვს ასეთი რწმენა, რომ ჩვენ ხარაზიშვილის გარდა არავისთან ვიმსახურებთ და არავის ბრძანებებს შევასრულებთ. […] ჟურნალის პირველი ყდაა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ: რამიშვილის დაკავება, ჩხაიძისი ბიჭის დაკავება და ა.შ. დანარჩენი სერიები წინ გველოდება, სამწუხაროდ. ვინც არიან სისტემაში და ამ უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, მათთვის უნდა იყოს ძალიან კარგი მაგალითი ხარაზიშვილის გაშვება თავის დაჯგუფებასთან ერთად”, – განაცხადა შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში.
გდდ-ს ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფრომაცია 10 ივნისს გავრცელდა. ამ თანამდებობაზე ის რომან ქარცივაძემ შეცვალა.
6 ივლისს, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს ხარაზიშვილის მოადგილემ, მირზა კეზევაძემ და გდდ-ს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, იოსებ მარგველაშვილმა. დღეს, 8 ივლისს, მედიაში გავრცელა ინფორმაცია, რომ გდდ დატოვა ხარაზიშვილის კიდევ ერთმა მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა. თუმცა, შსს-ში ამ ინფორმაციას “ნეტგაზეთს” ჯერჯერობით არ უდასტურებენ.
ირაკლი შაიშმელაშვილი ხარაზიშვილისა და მისი მოადგილეების სისტემიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა.
ირაკლი შაიშმელაშვილი გდდ-ში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2024 წლის 4 დეკემებრს დატოვა – პროევროპული აქციების და სასტიკი დარბევებიდან დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში. ოფიციალურ განცხადებაში მან გადადგომის მიზეზად “ოჯახური პირობები” დაასახელა, თუმცა ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოსა და ევროკავშირი დროშებთან ერთად გაავრცელა. 3 კვირის შემდეგ ის ოჯახთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. ამის შემდეგ შაიშმელაშვილის მედიაში ხშირად საუბრობს გდდ-ში და ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ თუ სამომავლო მოსალოდნელ მოვლენებზე.
