ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5000 ლარით დააჯარიმა პოლიციელებისთვის „მონის“ დაძახების გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 ივლისს, გამოცხადდა.
პარტია „დროას“ („კოალიცია ცვლილებისთვის“) ლიდერის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყეს 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავების დღეს, პოლიციელებთან კომუნიკაციის გამო.
„თქვენ ხართ ბიძინას მონები, ბიძინას [ივანიშვილი] ჩმორები… გიო [მიმართავდა გიორგი ვაშაძეს], მოვიდნენ მონები! მოვიდნენ მონები! მოდით, მონებო!..“ – თქვა ელენე ხოშტარიამ გიორგი ვაშაძის დასაკავებლად მისული პოლიციელების დანახვის დროს.
24 ივნისს გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.
გიორგი ვაშაძის გარდა, მსგავსი ბრალდებით პატიმრობაში კიდევ შვიდი პოლიტიკოსია.
ფორუმი
