ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მას აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო.
ლოლაძე ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას აძლევს. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
როგორც ის აცხადებს, 3 დეკემბერს 9 აპრილის ქუჩაზე იმყოფებოდა.
„აქცია თავიდან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა – 40 წუთი, 1 საათი, შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით გახდნენ აგრესიულები, ქვებს, ფილებს, პლასტმასის ბოთლში ჩაყრილი ქვიშას ისროდნენ, იყო მოწოდებები, გაეგრძელებინათ პოლიციის მიმართ აგრესია, შემდეგ გდდ-ს თანამშრომლები მოვიდნენ და ჩაგვანაცვლეს.
შემდეგ ისევ რუსთაველის ქუჩაზე ჩამოვედით, გდდ-ს თანამშრომელბის უკან განვთავსდით, ქვები აყრილი, ნაგვის ურნები დამწვარი, ასევე სხვადასხვა ნივთი დაზიანებული იყო. ისევ იყო აგრესია, მძიმე საგნების და ქვების სროლა ჩვენ მიმართ, ისროდნენ პიროტექნიკას, როცა ნასროლ საგნებს ვიცილებდით, ე.წ. პულივიზატორის ბოთლი მომხვდა, ჩემმა თანამშრომელმა სამსახურებრივი მანქანით გამიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ნივთი მომხვდა, როცა მომხვდა და მოვტრიალდი, ჩემს ფეხთან დაეცა, კეფის არეში მომხვდა”,- განაცხადა ლოლაძემ.
მისივე თქმით, ის ნივთის მსროლელს ვერ დაინახავდა, ვინაიდან ბევრი ხალხი იყო და იმ მომენტში ნასროლ ნივთებს იცილებდა. ლოლაძის თქმით, როცა ნივთი მოხვდა, მის ასაცილებლად აქციის მონაწილეებთან ზურგით იყო შეტრიალებული.
ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე,
„შესაბამისად, არც იმას გამორიცხავთ, რომ მსროლელი შეიძლებოდა მოქალაქე არ ყოფილიყო“, პოლიციელმა ასე უპასუხა – „კი ბატონო”.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
