თბილისში მეტრო ვარკეთილის სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2025 წლის 17 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. ამას ითვალისწინებს კონტრაქტი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შესაბამისად, პროექტის მთლიანი ხარჯები დახრილი გვირაბის რემონტთან ერთად 16.5 მილიონ ლარამდე იზრდება. ადგილზე სამუშაოებს შპს “ბადა ქონსთრაქშენი” ახორციელებს.
სადგური სრული რეაბილიტაციისთვის 2025 წლის 12 ივლისიდან 45 დღის განმავლობაში დაიხურება და მგზავრებს არ მოემსახურება.
“მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეოტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა; კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი” მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, შეკიდული ჭერი ჩამოინგრა (არა მზიდი კონსტრუქცია). 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.
ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. სწორედ ამ კომპანიასთან გაიზარდა ხელშეკრუკლების ღირებულება 14.7 მლნ ლარამდე, რასაც დაემატა დახრილი გვირაბის რეაბილიტაციის 1.8 მილიონი ლარიც, რაც ჯამურად 16.5 მილიონი ლარია.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ამჟამად ის 2025 წლის 17 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.