ღვინის 135 კომპანიიდან 8-ში დარღვევა აღმოჩნდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები რეგულარულად ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, იყოს კონკურენტუნარიანი და სულ უფრო მეტად მოთხოვნადი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რომლითაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოწმდება, 135 კომპანიაში აღებული 561 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 11 ნიმუშში აღმოჩნდა.
51 კომპანიაში ჩატარდა საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობას ადგენს. აღებული 757 ნიმუშიდან დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი საერთაშორისო კომპანიების შპს „Bureau Veritas“ და შპს „SGS“ “ მიერ ინსპექტირება 52 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 208 ნიმუშიდან დარღვევა 1 კომპანიის 1 ნიმუშში აღმოჩნდა.
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 132 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 6208 ნიმუშიდან უარყოფითად 202, დანარჩენი 6006 ნიმუში კი, დადებითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.
მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.