აგვისტოდან თხილის მოსავლის აღების პროცესი იწყება. თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს რაოდენობრივად უფრო მეტი მოსავლის მოლოდინია ვიდრე გასულ წელს იყო. ლევან ქარდავას შეფასებით, წინასწარ ფასზე საუბარი რთულია, თუმცა გაზაფხულზე ყინვებიდან გამომდინარე თურქეთის თხილის ფასი 20-25%-ით გაზრდილია, რაც ქართული თხილისთვის კარგ წინაპირობას ქმნის. მისი შეფასებით, წელსაც მთავარი გამოწვევა მუშახელის მოძიება იქნება.
“გაზაფხულზე ყინვებიდან გამომდინარე ფასი უკვე დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა. ეს ფასი სავარაუდოდ. სეზონის დასაწყისში შენარჩუნდება და ვნახოთ, თურქეთზე იქნება დამოკიდებული კიდევ უფრო გაიზრდება თუ შემცირებისკენ წავა. მსოფლიოში თხილის ფასი ორ ძირითად ფაქტორზე არის დამოკიდებული, ეს არის თურქეთი, როგორც მიმწოდებელი და ფერერო, როგორც მყიდველი, მათ შორის, მოლაპარაკებებიდან დგინდება უკვე მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასი. შესაბამისად, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ფასთან მიმართებით დაახლოებით სექტემბერში გვეცოდინება. საქართველო და მსოფლიოს რამდენიმე რეგიონი ბაზარზე აგვისტოს დასაწყისში შედის ხოლმე, საქართველო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პირველია. ამიტომ ახალ სეზონზე პრაქტიკულად ძველი სეზონის ფასი გადადის ხოლმე. თუმცა მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს მშრალი თხილის ფასია და არ იგულისხმება სველი თხილის ფასი, იმიტომ, რომ სველი თხილის ფასი შედარებით ნაკლებია, რადგან შრობა, გადამუშავება სჭირდება.
უშუალოდ წამლობის, პრეპარატების, სასუქების კუთხით, ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის. პრაქტიკულად იგივეა ან შემცირებულია. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მუშახელის ღირებულება. წელს კრეფის დროს მუშახელის ღირებულებას პრაქტიკულად იმავეს ველით. ალბათ შეიძლება მცირედით გაზრდილი იყოს, თუმცა ძირითად, ალბათ, იგივე ფასი შენარჩუნდება, რაც იყო შარშან. თუმცა აქ პრობლემა არ არის მხოლოდ ფასი, უშუალოდ მუშახელის არ არსებობა უფრო დიდი პრობლემა არის, ძალიან რთულია მოიძიო უშუალოდ მუშახელი, ვინც თხილს დაკრეფს. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ფერმერებს უწევთ ლოდინი და თხილის გვიან მოკრეფა, რაც სფეროში დიდი გამოწვევაა თხილში, ვინაიდან რაც უფრო მეტ დროს ატარებს თხილი ბაღში და მიწაზე, მით უფრო ეცემა მისი ხარისხი. შესაბამისად, თუ თხილი დროულად არ მოიკრიფა ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული”, – ამბობს თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა.
ლევან ქარდავამ ისაუბრა თხილის ბაღებში არსებულ ახალ პრობლემაზე, რაზეც თხილის მწარმოებლები საუბრობენ. უფრო კონკრეტულად თხილის ბაღების ხმობაზე, რაც პირდაპირ მოქმედებს თხილის მოსავლიანობაზე. მისი თქმით, აუცილებელია პრევენციული წამლობა, იმისთვის, რომ პრობლემის თავიდან აცილება მოხდეს.
“ანალოგიური ხმობა ხმობის პრობლემა უკვე მეორე-მესამე წელია აქტუალურია მწარმოებლებში. როგორც ვიცით, გარკვეული ბაქტერიული დაავადებებით არის გამოწვეული, თუმცა ამ საკითხს სწავლობენ სპეციალისტები და უშუალოდ მწარმოებელთა ასოციაცია ალბათ უფრო კვალიფიციურია უპასუხოს ამ შეკითხვებს. როგორც ვიცი, უშუალოდ ამ ხმობას პრევენციული ღონისძიებები სჭირდება, ანუ თებერვალში და შემოდგომაზე სპილენძით წამლობა იმისთვის, რომ ბაღმა პრევენციულად ამ პრობლემის თავიდან არიდება მოახერხოს. როდესაც ხმობა დაწყებულია რაიმე ღონისძიების გატარება გარდა მოჭრისა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ თხილში წამლობა სხვადასხვა დაავადებებზე პრევენციულად მოხდეს”, – აცხადებს თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა.
