„მინიმუმ ფასი გაორმაგდება“ – რა გავლენა აქვს ხილის დეფიციტს საკონსერვო წარმოებაზე?

ქვეყანაში ხილის დეფიციტის და მზარდი ფასის გავლენით საკონსერვო საწარმოები მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადაეწყვნენ.
საგაზაფხულო ყინვამ ბლის, ალუბლის, მარწყვის, ტყემლისა და მაყვლის კულტურები დააზიანა, რის გამოც ქვეყანაში ნედლეულის დეფიციტი შეიქმნა. დეფიციტურ პროდუქტზე ფასი კი იმდენად გაიზარდა, რომ საწარმოების უმრავლესობამ მის შესყიდვაზე უარი თქვა.
გადამმუშავებელი საწარმოები ახლა ალტერნატიულ გზებს მეზობელ სახელმწიფოებში ეძებენ, რომ საქართველოში დეფიციტური ნედლეული, იმპორტით შემოიტანონ და წარმოება შეინარჩუნონ, თუმცა „ალალის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ხილი რეგიონის ქვეყნებშიც დეფიციტურია და ძვირი ღირს, ამიტომ პროგნოზირებს, რომ საბოლოო პროდუქტზე ფასი მინიმუმ გაორმაგდება.
„წლევანდელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ალუბლის და ბლის მოსავალი მოიყინა და პრობლემა შეიქმნა. 1 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო მოსავლის დაბინავება და გადამუშავება, მაგრამ ალუბლის ფასმა 6 ლარზე ქვემოთ არ დაიწია, რაც შეუძლებელია წარმოებაში გადაამუშაო, ამიტომ შეგვექმნა პრობლემები.
ასეთივე სიტუაცია გვაქვს მაყვალთან დაკავშირებით. ერთი, რომ მაყვალს კლიმატური პირობების პრობლემა დაემთხვა და მეორე კიდევ მოსახლეობა ბოლო 5 წელია ყოველწლიურად ამცირებს ბაღებს და ანაცვლებს სხვა კულტურით, ამიტომ ბაზარზე შეიქმნა დეფიციტი. მაყვლის ფასი არის 2-5 ლარის ფარგლებში, მაგრამ ფიზიკურად არ არის, რომ გადავიხადოთ და საწარმოო მაყვალი ჩავიბაროთ.
რაც შეეხება დეფიციტის შევსებას, ჩვენ ახლა მოლაპარაკება გვაქვს აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, თუმცა იქაც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს და მინიმუმ თუ დამზადდება და გადამუშავდება წვენი, მინიმუმ გაორმაგებული ფასი იქნება ბაზარზე. ეს არის ჩვენი პროგნოზი.
მალე დაიწყება ატმის გადამუშავებაც. ჯერჯერობით ატამზე ასეთი ცვლილებები არ შეინიშნება“,-აცხადებს BM.GE-სთან „ალალის“ დამფუძნებელი.